მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა იქონია ომმა ბიზნესზე? - საქართველო-უკრაინის ბიზნესასოციაციის გენმდივანი

63d3df3abde2b
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.23 11:23
674
საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის უკრაინა 2.7%-იანი წილით, მეცხრე ადგილს იკავებს. რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინა ეკონომიკურ აქტივობას ინარჩუნებს და საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება. საგარეო ვაჭრობის 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვამ წლის განმავლობაში 507 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 33.2%-ით შემცირდა. ამ პერიოდში საქართველომ უკრაინის მიმართულებით საქონლის რეალიზებით 232 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 275 მლნ დოლარი გავიდა.

როგორ აისახა რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოში მოქმედ ექსპორტიორ და იმპორტიორ კომპანიებზე და რამდენად შეძლო ბიზნესმა უკრაინის მიმართულებით ვაჭრობის აღდგენა ომის დაწყების შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემდეგ - ამ კითხვებით BM.GE-მ საქართველო-უკრაინის ბიზნესასოციაციის გენერალურ მდივანს გიორგი ჭუმბურიძეს მიმართა.

ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა როგორც - რეგიონში, ასევე მსოფლიოში ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები და ლოგისტიკური გზების გამოყენება შეცვალა. ამან კი, საქართველოზეც და აქ მოქმედ ბიზნესებზეც იქონია გავლენა.

„რამდენიმე თვის წინ ასოციაციის წევრი კომპანიები გამოვკითხეთ, თუ როგორ შეძლეს ვაჭრობის მაჩვენებლების აღდგენა და რა გამოწვევები ექმნებოდათ მათ ამ პერიოდში. იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები ერთხმად ამბობენ, რომ ლოგისტიკური გზების ცვლილებასთან ერთად, გაიზარდა მიწოდების ვადები, ხარჯები კი გასამმაგდა. თუ იმპორტიორი ომამდე იყენებდა ოდესის პორტს და საზღვაო მიწოდება ჰქონდა, მოუწია სახმელეთო გზაზე გადაწყობა და თურქეთის გავლით შემოტანა, რამაც დამატებითი ხარჯი და დროის პრობლემები შექმნა. აღმოჩნდა, რომ მათი დატვირთვა საშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში 45%-მდე შემცირდა და აქედან გამომდინარე, კომპანიებმა იმპორტის თუ ექსპორტის ხაზები ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით გააქტიურეს და ბაზრების დივერსიფიცირება შეძლეს.

რთულია იმის თქმა, როდის დასრულდება ომი, თუმცა დარწმუნებული ვარ, უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და მასთან სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება, კიდევ უფრო მეტად აღდგება და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - იმედოვნებს გიორგი ჭუმბურიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ლოგისტიკური ჯაჭვების ცვლილებებმა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მნიშვნელობა გააქტიურა და ქვეყანამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

„საქართველო, როგორც შუა დერეფნის მონაწილე ქვეყანა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ეს გეოპოლიტიკური ვითარება ცხადყოფს, რომ საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი მნიშვნელოვანია. ამ პირობებში საქართველო ძლიერი უნდა იყოს და აქ ყურადღება სატნარპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მიენიჭოს“, - დასძინა საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაციის გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის: საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაცია 20-მდე კომპანიას აერთიანებს, რომლებიც უკრაინაში ექსპორტ-იმპორტით არიან დაკავებულნი, ან ბაზარზე უკრაინული კაპიტალით ოპერირებენ. გიორგი ჭუმბურიძე ამბობს, რომ გაერთიანება ბიზნესის ხელშეწყობას და პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები