კომპანია WST -ის და „ტურები და ბილეთების“ დამფუძნებელი, გერმანე ჭელიძე BM.GE-სთან ტურიზმის სექტორზე „რუსული კანონის“ გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „რუსულ კანონზე“ ლაპარაკი დაიწყო, ონლაინ ჯავშნების დაახლოებით 20-25% გაუუქმდათ.
მისივე ინფორმაციით, ტურიზმის სექტორის მაცოცხლებელი სტაბილურობაა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში, სექტორი დაღუპვისთვისაა განწირული.
„რა თქმა უნდა „რუსულმა კანონმა“ ჩვენზე გავლენა მოახდინა, რადგან ჩვენი კომპანია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მუშაობს. ჯავშნები ძირითადად სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებისგან, მათ შორის Viator-ისგან შემოგვდის. თუმცა, ბოლო პერიოდში ტენდენცია შეინიშნება, როდესაც ძალიან ბევრი გაუქმებული ჯავშანი გვაქვს.
არ ვიძახი, რომ მასობრივად მიდის გაუქმება, თუმცა ჯავშნების 20-25% გაუქმებულია. ვფიქრობ, რომ გაუქმებული ჯავშნების 90% ამ კანონთან დაკავშირებითაა, რადგან არავის არ აწყობს არეულ სიტუაციაში ჩამოსვლა და დასვენება. ახლა, მეტწილად ინდუსი სტუმრები გვყავს, რომლებიც დიდად ვერ ერკვევიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და მაინც ჩამოდიან“,-აცხადებს ჭელიძე.
მისი ცნობით, კომპანია ძირითადად გალფის ქვეყნებზე მუშაობს, პირდაპირი ფრენებიდან გამომდინარე. ასევე, აქტიურად მუშაობს ევროპელ ტურისტებთან. რაც შეეხება რუს სტუმრებს, ისინი მცირე რაოდენობით ჩამოდიან.
„უნდა აღინიშნოს, რომ აპრილი ძალიან კარგი იყო. მოგება თითქმის 2019 წელს გაუტოლდა. თუმცა ახლა, მაისში ტენდენცია საკმაოდ დაბალია. მოლოდინები გვქონდა ძალიან კარგი და ვისაც კი ვესაუბრებოდი, ყველა გახარებული იყო, რომ ოქტომბრის ჯავშნებიც კი ჰქონდათ, მაგრამ ამ კანონის განხილვის შემდეგ უკვე არაერთი ტურისტული ობიექტისგან მესმის, რომ ჯავშნები უუქმდებათ და გამოწვევების წინაშე დგანან“,- აღნიშნავს გერმანე ჭელიძე.