მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენას იქონიებს EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერება უცხოელი სტუდენტების მოზიდვაზე? - უნივერსიტეტების პოზიცია

უნივერსიტეტები

გასული წლის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. მიზეზი ერთ-ერთ სტანდარტში - დამოუკიდებლობის ნაწილში ცენტრის შეუსაბამოდ მუშაობა გახდა. ქართული მხარე გადაწყვეტილებას გასაჩივრებას გეგმავს და ირწმუნება, რომ EQAR-ის მხრიდან რეგისტრაციის შეჩერება არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დონეზე პრობლემებს არ შექმნის.

განსხვავებული პოზიციები და არგუმენტები აქვთ სექტორის წარმომადგენლებს. საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ EQAR უცხოელი სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო, მისი დაკარგვის ფასი კი, მოპოვებაზე გაცილებით დიდი იქნება.

„განათლების სისტემა უმნიშვნელოვანეს წილად დგას ნდობაზე, უნდა ენდობოდე უნივერსიტეტს, მის დიპლომს, იმ ქვეყანას, სადაც მიდიხარ სასწავლებლად. თვითონ EQAR-ის აღიარებას არ ჰქონია ისეთი დადებითი ეფექტი, როგორიც მის დაკარგვას ექნება უარყოფითი. წარმოიდგინეთ, რომ კლინიკამ, სადაც დადიოდით დაკარგა ლიცენზია, ეს ხომ ძალიან ცუდ გავლენას იქონიებს თქვენზე და თქვენს გადაწყვეტილებაზე. დღეს რთულია რიცხვებში ამის გამოსახვა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრძელ ვადაში ამას ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა.“ - განაცხადა „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორმა კოკა თოფურიამ.

EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას ნეგატიურად აფასებენ კავკასიის უნივერსიტეტშიც, თუმცა უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია ამბობს, რომ უცხოელი სტუდენტების ჩამოსვლისთვის მას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნდა. ბოლო წლებში ინტერესის ზრდას კი შენგელია რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით ხსნის.

„ძალიან ცუდია, რომ შეგვიჩერეს, მაგრამ ამაში კატასტროფა არ არის და ვერ იქნება, რადგან ის არ არის უცხოელი სტუდენტების ჩამოსვლის და არ ჩამოსვლისთვის გადამწყვეტი. არ გვქონდა 2019-მდე, მაგრამ ყველას გვყავდა უცხოელი სტუდენტები.

ბოლო წლებში ზრდა არ იყო ამაზე დამოკიდებული, ეგ იყო რუსეთ-უკრაინის ომის გამო. ეს არ არის პოლიტიკური თემა, შეცდომები იქნა დაშვებული, რომ ის დავკარგეთ, ამას ყველა აღიარებს ალბათ განათლების სამინისტროც, მაგრამ ტრაგედია არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ისევ დავბრუნდეთ. რადგან ჩვენ ევროპელები ვართ, კარგი იქნებოდა, რომ საქართველოსაც ჰქონოდა EQAR-ის რეგისტრაცია.“ - განაცხადა კახა შენგელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები