მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გახდა ჭავჭავაძეზე მშენებლობიდან მუშის გადმოვარდნის მიზეზი - შრომის ინსპექციის პასუხი

605df3fef3a7b
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.21 19:04
1248
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს გავრცელდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შემთხვევა გუშინ მოხდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით BM.GE-მ შრომის ინსპექციის სამსახურს მიმართა და შეეცადა გაერკვია, დარღვეული იყო თუ არა ადგილზე შრომის უსაფრთხოების პირობები, რასაც შესაძლოა,  უბედური შემთხვევა გამოეწვია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლის 25 მარტს მომხდარი უბედური შემთხვევა შპს „ალიანსი თბილისის" სამშენებლო ობიექტზე მოხდა. მათივე ცნობით, უბედური შემთხვევა ლიფტის შახტში ფენილის ჩავარდნამ გამოიწვია.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურმა რეაგირება წუხელვე მოახდინა და ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერა. ასევე, შრომის ინსპექციის წარმომადგენლები ამ დრომდე აგრძელებენ მოკვლევით სამუშაოებს. კერძოდ, იმის დასადგენად, თუ შრომის უსაფრთხოების რა ნორმების დარღვევამ გამოიწვია კონკრეტული შემთხვევა, გამოიკითხნენ დასაქმებულები და დამსაქმებელი, ასევე ხდება დოკუმენტაციის შესწავლა.

აღნიშნული ობიექტი ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, 2019 წელს შრომის ინსპექციისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ იყო შემოწმებული. ადგილზე დაფიქსირებული შეუსაბამობებისთვის, გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული სახდელი“, - განმარტავენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან - ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები