მაინინგი სვანეთისთვის კვლავ გამოწვევაა. მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გათიშვა დაიწყო. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო პერიოდში ვითარება არ გაუმჯობესებულა. დავით ნარმანიას თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად, მომზადებულია დოკუმენტი, რომელშიც სამოქმედო გეგმაა გაწერილი.
"სემეკმა მოამზადა დოკუმენტი, რომელიც გეგმას მოიცავს. ჩვენ ხელთ არის ასევე ახალი მიერთების რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხი, რასაც კომისია შესაბამისი წესების მიხედვით ახორციელებს. დოკუმენტი მოიცავს იმას, რომ, ერთი მხრივ, ქსელის საიმედოობა დაცული იყოს, მეორე მხრივ, გამრიცხველიანება უნდა მოხდეს. სამთავრობო უწყებებმა, სადაც კანონდარღვევას აქვს ადგილი, შესაბამის ზომებს უნდა მიმართონ. დოკუმენტი მთავრობას გადავუგზავნეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, მოსახლეობამ ელექტროენერგიის ღირებულება უნდა გადაიხადოს, თუმცა ნიშნავს თუ არა აღნიშნული იმას, რომ მოხმარებაზე ზღვარი დაწესდება, ჯერჯერობით, უცნობია.