Dr.Glonti.lab-მა 2 ახალი მედიკამენტის წარმოება დაიწყო და ამ ეტაპზე, მომხმარებლებს, ჯამში, 10 სახეობის მედიკამენტს სთავაზობს; უახლოეს მომავალში კი, წარმოებაში კიდევ 2-ის ჩაშვებას გეგმავს. ამის შესახებ Dr.Glonti.lab-ის დამფუძნებელმა თიკა ღლონტმა გადაცემა „ქალების ნარატივში" განაცხადა. საუბარია პირის ღრუს, სასუნთქი გზების, სისხლის მიმოქცევისთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე, ასევე, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და დამწვრობის მალამოებზე და ა.შ.
როგორც თიკა ღლონტი ამბობს, მედიკამენტების ფასი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და პროდუქცია „ავერსის“, PSP-ს, GPC-ს და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებში იყიდება.
რაც შეეხება პანდემიის გავლენას წარმოებაზე, თიკა ღლონტი ყვება, რომ საწარმოო პროცესი არ შეფერხებულა, მედიკამენტებზე მოთხოვნაც გაიზარდა, თუმცა კორონავირუსი საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების კუთხით უარყოფითად აისახა და ამ ეტაპზე, პროდუქცია ექსპორტზე მხოლოდ ყირგიზეთში ხვდება.
აღსანიშნავია, რომ გარდა მედიკამენტებისა, Dr.Glonti.Lab-მა კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაც დაიწყო, რაც ამ ეტაპზე, შამპუნების ხაზს მოიცავს. შამპუნი მომხმარებლამდე საკურიერო მომსახურების საშუალებით აღწევს და მისი ფასი, მიტანის სერვისის ჩათვლით, 39 ლარია.
"გვაქვს თმის მოვლის ხაზი როგორც მამაკაცებში, ისე - ქალებში. ინგრედიენტები იმპორტირებულია, თუმცა ფორმულები ჩემია და აქ მზადდება. საქართველოში გადის შეფუთვის, მარკირების, გამოშვების ეტაპებსაც“, - აღნიშნა თიკა ღლონტმა.
Dr.Glonti.Lab-ი უახლოეს მომავალში, კოსმეტიკური საშუალებების მიმართულებით, სახის, ხელისა და ფეხის მოვლის საცხების, ასევე, შიმერების დამატებას გეგმავს.




























