GMT ჯგუფის კლასტერ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერის, მარიამ ფხაკაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს Tbilisi Marriott-ში პრემიუმ კლასის სპა სივრცის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
GMT ჯგუფი სასტუმროების Tbilisi Marriott, Courtyard Tbilisi და Moxy Tbilisi-ს მმართველი კომპანიაა.
ფხაკაძის ცნობით, გარდა ახალი სპას მოწყობასთან ერთად, კომპანია Parnas კაფე/რესტორნის კონცეფციის შეცვლასაც გეგმავს, რათა რესტორანი და კაფე ერთმანეთისგან გაიმიჯნოს.
„მოლოდინი გვაქვს, რომ 2025 წელს, მეორე კვარტალიდან ბაზარი უფრო გაჯანსაღდება და სტუმართა ნაკადი კვლავ გაიზრდება. Marriott International-ის სასტუმროები მზად არიან ამ გამოწვევებისთვის და განაგრძობენ აქტიურ მუშაობას, რათა უზრუნველყონ მდგრადი განვითარება. 2025 წლის მესამე კვარტალის დასაწყისში, თბილისი მარიოტის მინუს ერთ სართულზე დაგეგმილია პრემიუმ კლასის სპა სივრცის გახსნა, სადაც უამრავი სასიამოვნო სიახლე დაგხვდებათ. სპას მფლობელი ProfSpa გახლავთ, რომელიც რეგიონალური ექსპერტია ამ სფეროში და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სპას გახსნაში საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, სრული რეგულაციების დაცვით.
ასევე, F&B (კვების და სასმელების სერვისი) მიმართულებით, გვინდა Parnas კაფე/რესტორნის კონცეფცია შევცვალოთ და მკაფიოდ გავმიჯნოთ რესტორნისა და კაფის სივრცე. დაგეგმილია მენიუს გამრავალფეროვნება როგორც ადგილობრივი შტრიხებით, ისე ევროპული კერძებით, რაც სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებას შესთავაზებს“, - ამბობს მარიამ ფხაკაძე.
კლასტერ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერის ცნობით, სიახლეებია დაგეგმილი "ქორთიარდ თბილისის" რესტორანშიც. "ქორთიარდ თბილისში" სტუმარს ექნება საშუალება დააგემოვნოს აუთენტური იტალიური კერძები.
„გვინდა გაგიზიაროთ, რომ სიახლეები "ქორთიარდ თბილისის" რესტორანშიც გვექნება. ჩვენი რესტორანი არის იტალიური კონცეფციის, სადაც გვაქვს უნიკალური ღუმელი ნამდვილი ნეოპოლიტანური პიცის დასამზადებლად, ვთანამშრომლობთ იტალიური ფქვილის მომწოდებელთან, რომელიც ასევე არის იტალიაში წამყვანი სპეციალისტი პიცის დამზადების ტექნოლოგიებში. "ქორთიარდ თბილისში" მოსულ სტუმარს ექნება საშუალება დააგემოვნოს ნამდვილი აუთენტური იტალიური კერძები დამზადებული საუკეთესო ინგრედიენტებით“, - განაცხადა ფხაკაძემ.