მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირდა 2023 წლის ოქტომბერში იმერული ხაჭაპურის მომზადება? - ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა

იმერული

ISET-ის მიერ გამოქვეყნებული ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ოქტომბერში ხაჭაპურის ინდექსი თვიურ ჭრილში გაიზარდა, წლიურად კი შემცირდა.

ინდექსის თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადება 6.13 ლარი ღირდა, რაც 4.2%-ით მაღალია სექტემბრის მაჩვენებელთან და, 6.8%-ით დაბალი - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თვიურ ჭრილში იმერული ხაჭაპურის მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები მასში შემავალ ინგრედიენტებზე (გარდა კარაქისა) ფასის ზრდით აიხსნება. ოქტომბერში ფასების ზრდის დინამიკა ასე გამოიყურება: კვერცხი +5.9%, ყველი +4.2%, ფქვილი +2.7%, საფუარი +2.4%, რძე +1.9%.

მიუხედავად იმისა, რომ ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა, ყველისა და ფქვილის ფასები წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად დაეცა (ყველი – 12.4%-ით, ფქვილი კი – 4.6%-ით).

რაც შეეხება ხაჭაპურის ინდექსის ცვალებადობას ქალაქების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა თბილისში დაფიქსირდა, სადაც იმერული ხაჭაპურის მომზადება 15.1%-ით გაძვირდა, თელავში ანალოგიური მაჩვენებელი 4.4%-ია, ქუთაისში კი 0.4%. ამავდროულად, ხაჭაპურის ინდექსი მცირედით, 0.3-ით შემცირდა ბათუმში.

“ასეთი განსხვავების მიზეზი შეიძლება შემოდგომა იყოს, რომელიც საქართველოში გამორჩეულია, რადგან კახეთში რთველის სეზონი დგება. ტრადიციულად რთველი კახეთში აგვისტოს ბოლოს იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება. ინდექსში დაფიქსირებული ტენდენცია იმის შედეგია, რომ რთველის გამო ადგილობრივმა ტურიზმმა შავი ზღვის სანაპიროებიდან თელავსა და თბილისში გადმოინაცვლა, რამაც, შესაბამისად, გაზარდა მოთხოვნაც და ფასებიც” - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გარდა ამისა, ISET-ის ცნობით, ვინაიდან რძის მიწოდება სეზონურად იკლებს, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ყველისა და რძის - ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტის - ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

ხაჭაპურის ინდექსი ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორია, რომელიც იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები