ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ფასი საშუალოდ 10$-დან 30$-ის ფარგლებში მერყეობს. როგორც ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლები გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას აცხადებენ, ბოლო წლებში, სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, მიწაზე მოთხოვნა და ფასი იზრდება.
„მიწის შემსყიდველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამბროლაურის სოფლებში კვ.მ-ზე ფასი დაახლოებით 15-25 დოლარის ფარგლებშია. ქალაქში შეიძლება უფრო ნაკლები ღირდეს ვიდრე სოფლებში. ამ ფასს განსაზღვრავს მიწაზე რა გვაქვს, არის თუ არა პოტენციალი განვითარების და ა.შ.“,- განაცხადა სასტუმრო „გარემოს“ მფლობელმა თამარ დავითულიანმა.
„სოფელ ნიკორწმინდაში მიწის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ამ ეტაპზე კვ.მ-ზე საშუალოდ 15–30 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საკმაოდ ბევრი ნაკვეთია ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი. რაც შეეხება სახლებს, ვერ ვიტყვით, რომ ბევრი სახლი იყიდება. უმეტესად ამ სოფლის მცხოვრებლები ცდილობენ ძველი სახლების რეაბილიტაციას და შემდგომში მათი ტურისტული მიზნებით გამოყენებას,“ - განაცხადა კოტეჯ „საყუდელას“ მფლობელმა, არჩილ გურგენიძემ.
„ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება სახლი ააშენო საკმაოდ ცოტაა. ჩვენი სოფელი - ველევი ტყეშია ჩაფლული, მწვანე ზონაა და მწვანე ზონა არ იყიდება. ფასი დაახლოებით 15$-დან იწყება. შეიძლება 10$-აც იშოვოს ადამიანმა და 25$-აც, დასტაბილურებული არ არის, გააჩნია ადგილს. მყიდველიც უმეტესად არიან ადგილობრივები,“ - განაცხადა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას ადგილობრივმა გიდმა, გიორგი მაცაბერიძემ.




























