მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს თვითმფრინავების ნაწილების ქარხანა “ციკლონი” და სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი”? - DFG აუდიტორს ეძებს

ქარხანა

“საქართველოს განვითარების ფონდი” (DFG), (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) ეძებს აუდიტორს, რომელიც შეაფასებს, თუ რა ღირს ფონდის საკუთრებაში არსებული ორი აქტივი - თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა “ციკლონი” და სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი”. DFG-ის მიერ გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 234 ათას ლარს შეადგენს.

“საქართველოს განვითარების ფონდი” ოპერირებას განახლებული სახელითა და ფორმატით განაგრძობს. თუკი წარსულში ორგანიზაციის შემადგენლობაში მსხვილი სახელმწიფო კომპანიები შედიოდნენ, ამჟამად ეს კომპანიები ფონდიდან გამოვიდნენ. ის თუ როგორ შეიცვალა ფონდის აქტივების ღირებულება ამით უცნობია, რადგანაც ფონდს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია 2022 წლის ფინანსური ანგარიში.

როგორც ჩანს, საკუთარი აქტივების ღირებულებით თავად “საქართველოს განვითარების ფონდიც” არის დაინტერესებული, სწორედ ამიტომ ფონდი ეძებს აუდიტორს, რომელიც შეაფასებს მისი ინვესტიციების ღირებულებას შემდეგ კომპანიებში 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით:

• სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ (ს/კ: 404496121) - ფონდი ფლობს აქციათა 66.66%-ს;
• სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი“ (ს/კ: 404408547) - ფონდი ფლობს აქციათა 100%-ს.

თავად ამ კომპანიების საჯარო ფინანსური მაჩვენებლები ამჟამად მხოლოდ 2021 წლის მდგომარეობით არის ხელმისაწვდომი. EY-ის მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნის მიხედვით, “ციკლონის” აქტივები 46.3 მილიონი დოლარით არის შეფასებული, 2021 წელს კომპანიას გააჩნდა 5.9 მილიონი დოლარის შემოსავალი 6.1 მილიონი ლარის ზარალი.

“ბორჯომი ლიკანის” სასტუმროს აქტივების ღირებულება კი 50.1 მილიონი ლარია, 2021 წელს კომპანიას 13 მილიონი ლარის შემოსავალი და 8.2 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.

ტენდერში წინადადებების წარდგენა აუდიტორულ კომპანიებს 3-დან 6 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები