რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ კრიხში ახალი სასტუმრო მოეწყო. Riverside Racha, რომელიც 5 კეთილმოწყობილ კოტეჯს აერთანებს, უკვე ორი თვეა სტუმრებს იღებს, - ამის შესახებ სასტუმროს მენეჯერმა ქეთევან აბუთიძემ BM.GE-სთან განაცხადა.
აბუთიძის ცნობით, სასტუმრო დამსვენებლებს რაჭის შიდა ტურებსაც სთავაზობს, ასევე ეზოში განთავსებულია გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები.
„Riverside Racha უკვე ორი თვეა, რაც სტუმრებს მასპინძლობს, ძირითადი მოთხოვნა მაინც ქართველებისგანაა, თუმცა უცხოელი ტურისტებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით გვყავს. ზოგადად, რაჭაში ყველაზე დატვირთული სეზონი ივლისი და აგვისტოა, თუმცა ამ პერიოდშიც დიდი დაინტერესებაა.
კეთილმოწყობილი და კომფორტული კოტეჯების გარდა ჩვენთან ჩამოსულ დამსვენებლებს ვთავაზობთ ტურებს რაჭის სხვადასხვა ლოკაციებზე, ასევე ეზოში მოწყობილი გვაქვს გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები - მაყალი, ფანჩატურები, აუზი და ა.შ. ამას გარდა, ჩვენი სასტუმრო მდებარეობს მდინარე კრიხულას ნაპირზე“, - აცხადებს ქეთევან აბუთიძე.
გამოწვევებზე საუბრისას, Riverside Racha-ს მენეჯერი აღნიშნავს, რომ სასტუმროს ფუნქციონირების პროცესში ყველაზე დიდი სირთულე სოფელში კომუნიკაციების არ არსებობაა - არ არის გაზი, კანალიზაციის მილები და ინტერნეტი.
„სოფელ კრიხში არ არის გაზი, ამის გამო სააბაზანოები ელექტრო ენერგიაზე გვაქვს, თუმცა ერთ კოტეჯში არის ჯაკუზი, რომელსაც ვერ ვამუშავებთ, რადგან წყალი არ ყოფნის, არ არის კანალიზაციის მილები და კანალიზაციის ჭების ამოღება ჩვენ მოგვიწია, ასევე სოფელს არ აქვს ინტერნეტი“, - განაცხადა ქეთევან აბუთიძემ BM.GE-სთან.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ კოტეჯში 4-5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, ერთ კოტეჯში დღე-ღამის გატარება კი 250 ლარი ღირს.
ინფორმაციისთვის: კოტეჯების კომპლექსის მოწყობისთვის 100 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია იყო საჭირო, რომელიც სრულად დამფუძნებლებს ეკუთვნოდათ.