მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს შეზლონგის და ქოლგის დაქირავება? - პანდემიის გავლენა ბათუმის პლაჟებზე

5f2059f6ebb9c
ინგა მურუსიძე
28.07.20 22:20
4945
ტურისტები რეკომენდაციებს იცავენ და ჯარიმების დაწესება სავარაუდოდ საჭირო არ გახდება, - ამის შესახებ BM.GE-ს ბათუმის ბულვარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა მაგდა ჯაიანმა განუცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილია რეკომენდაციები, რაც პირველ რიგში არის დეზინფიცირებული შეზლონგები, რაც გამქირავებელმა უნდა მიაწოდოს დამსვენებლებს. ასევე, გამოკრული გვაქვს საინფორმაციო ბანერები, მათ შორის იმის შესახებ, რომ გამოყენებული პირბადეები, ან ხელთათმანები უნდა ჩაყარონ პლიაჟზე სპეციალურად განთავსებულ ურნებში. ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დადიან და ამოწმებენ რეკომენდაციების შესრულებას“, - განაცხადა მან.

ამასთან, ჯაიანის ინფორმაციით, თავად შეზლოგების მეპატრონეები უტარებენ დეზინფექციას მას და ყოველი გამოყენების შემდეგ სველი წესით ამუშავებენ. როგორც ჯაიანი აცხადებს, რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით ცუდი მდგომარეობა არ არის.

„ტურისტები თავად უფრთხილდებიან თავს და შენიშვნის მიცემა, ან გაფრთხილება თითქმის არ სჭირდებათ. რაც შეეხება შეზლონგის და ქოლგის გაქირავების ფასებს, არ შეცვლილა, შეზლონგის დაქირავება კვლავ 4 ლარი ღირს, ხოლო ქოლგის 1 ლარი, რადგან ჩვენ ეს ფასი საიჯარო პირობებში გვაქვს ჩადებული და მათ არ აქვთ უფლება თვითნებურად მოუმატონ ფასს. თუმცა, არ ვგულისხმობ ამ შემთხევაში კერძო პლაჟებს, სადაც მათ თავიანთი ფასი აქვთ, ცოტა მეტი“, - განმარტა ჯაიანმა.

საუბარი იყო იმაზეც, რომ უნდა დაწესებულიყო ჯარიმა რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის, თუმცა როგორც ჯაიანი ამბობს, ამ მხრივ ახალი არაფერია და ჯარიმების დაწესება არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საჭირო არ გახდება.

„ტურისტების რაოდენობის მხრივ შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი ნაკლებია, თუმცა დამსვენებლები მრავლად არიან. ვერ ვიტყვით, რომ აჭარას დამსვენებლები არ ჰყავს, პანდემიიდან გამომდინარე. უცხოელები წელს ნაკლებად გვყავს, მაგრამ თუ ფრენები აღდგება, ველოდებით უცხოელ ტურისტებსაც“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები