საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს საქართველოს მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებულია ღონისძიებების განრიგი, რეგიონების მიხედვით.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე, 11:00 საათიდან, ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება და 20:00 საათზე, გალა-კონცერტით დასრულდება. გარდა ამისა, დღის განმავლობაში მოწყობილი იქნება ღვინის სივრცე, საბავშვო სივრცე, სპორტული სივრცე, მუსიკალურ-თეატრალური სივრცე და ა.შ.
უკვე ერთი კვირაა, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ინსტალაციების მოწყობა მიმდინარეობს. გუშინ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობაზე საქართველოს დროშები დაკიდეს, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. საქმე ის არის, რომ მოქალაქეები ითხოვენ, ადგილზე ევროკავშირის დროშებიც გამოიფინოს.
მოქალაქეებს უპასუხეს მთავრობის ადმინისტრაციაში. "წლებია რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს, ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია - "თავისუფლების სიყვარულით". დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე -გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით.
შარშანდელი თემა იყო "ევროპისკენ" , მაგალითისთვის 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით “მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” და შესაბამისად ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს", - უთხრეს bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში.