მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გვაკავშირებს ესპანეთთან? - რიცხვები

ესპანეთი საქართველო

ესპანეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც “ოცნების” მთავრობის წარმომადგენელთა მიმართ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს. ამის დამადასტურებელი განცხადება ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თითქოს ესპანეთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა სანქციებს. “სრულად დავუჭირეთ მხარი გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის და მას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით“, - განაცხადეს ესპანეთის საგარეო უწყებაში. თავის მხრივ ამ გამოხმაურებას კობახიძემ წნეხის შედეგი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური კავშირების 32-წლიანი ისტორია არსებობს. ასევე, გარდა იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელები - ქოჩორაშვილი, წიტაიშვილი და მამარდაშვილი ესპანურ კლუბებში თამაშობენ, საინტერესოა, რა აკავშირებს ესპანეთსა და საქართველოს ეკონომიკურად რიცხვებში. გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას ვაჭრობის, FDI-ის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ჭრილში:

ვაჭრობა

ესპანეთთან საქართველოს ათწლეულების სავაჭრო ისტორია აქვს, თუმცა ეს ქვეყანა საქართველოს TOP-10 სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის ვერ ხვდება. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველო-ესპანეთის სავაჭრო ბრუნვამ 236,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან (261,6 აშშ მლნ დოლარი) შედარებით 25 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს 36 მლნ აშშ დოლარით უსწრებს.

საქართველო-ესპანეთს შორის სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს ტრადიციულად ძირითადი ნაწილი უკავია, რომელიც ბოლო წლებში მზარდ ტენდენციას აჩვენებს. მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში ესპანეთიდან 205 მლნ აშშ დოლარის საქონლის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 185 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2022 წლის 11 თვეში - 150 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება მთავარ საიმპორტო პროდუქციას, მიმდინარე წლის მაჩვენებლების მიხედვით, TOP-ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 18,070.18 ათასი აშშ დოლარი
  2. კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 14,780.90 ათასი აშშ დოლარი
  3. სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 8,419.60 ათასი აშშ დოლარი
  4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 8,342.57 ათასი აშშ დოლარი
  5. ნაწარმი სხვა შავი ლითონებისაგან - 5,123.17 ათასი აშშ დოლარი.

ექსპორტს რაც შეეხება, წელს, იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა ესპანეთში ჯამურად 31,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (76 მლნ აშშ დოლარი) დაახლოებით 2.5-ჯერ ჩამორჩება. წლევანდელი ექსპორტის მაჩვენებელი ნაკლებია 2022 წლის 11 თვის მონაცემზეც, როდესაც საქართველოდან ესპანეთში 49,8 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

მთავარი საექსპორტო პროდუქტის TOP-ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. თხილი და სხვა კაკალი - 12,636.51 ათასი აშშ დოლარი
  2. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 7,364.63 ათასი აშშ დოლარი
  3. ფეროშენადნობები - 6,057.71 ათასი აშშ დოლარი
  4. ელექტრული წყალგამახურებლები - 1,448.05 ათასი აშშ დოლარი
  5. ტყვია დაუმუშავებელი - 640.81 ათასი აშშ დოლარი

FDI

მესამე კვარტალში ესპანეთიდან უარყოფითი FDI დაფიქსირდა -200 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება პირველ და მეორე კვარტლებს, ამ ქვეყნიდან ჯამში 14,2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთიდან რეკორდული რაოდენობის ინვესტიცია - 360,4 მლნ დოლარი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ესპანურმა კომპანია „აქუალიამ“ ქართულ GWP-ის 80%-იანი წილი იყიდა. გასულ წელს კი, ჯამურად ამ ქვეყნიდან შემოსულმა FDI-მ 20,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ტურიზმი

ესპანეთიდან ტურიზმი, პანდემიის პერიოდს თუ არ ჩავთვლით, მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ესპანეთიდან საქართველოში 12,041 ვიზიტი შედგა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 10 091. ზრდა წელს 19.3%-იანია.

რაც შეეხება წლების მიხედვით ესპანეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობას, 2023 წელს 12,943 იყო, 2022 წელს - 7,704; პანდემიურ 2020 წელს - 1,727, ხოლო 2021 წელს - 4,041. მანამდე კი, 2019 წელს, ესპანეთიდან საქართველოში 13,710 ვიზიტი განხორციელდა, რაც ამ დრომდე რეკორდული მაჩვენებელი იყო.

ფულადი გზავნილები

ესპანეთში ქართული დიასპორის საკმაოდ დიდი ნაწილი ცხოვრობს. მიმდინარე წლის ნოემბერში ესპანეთიდან საქართველოში 5.69 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიან ჩარიცხვებში 2.1%-იან წილს იკავებს. აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 13%-ითაა გაზრდილი. ხოლო ოქტომბერთან (5.5 მლნ აშშ დოლარი) შედარებით მცირედით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები