მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ინფორმაციას ითხოვდა ომბუდსმენი 2024 წლის აქციებზე გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებზე და რაზე არ უპასუხა "ოცნებამ"?

სპეც.საშუალებები

სახალხო დამცველის აპარატის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი კითხვები 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებით ამ დრომდე უპასუხოდ დარჩა. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ უწყებებმა არ მიაწოდეს ინფორმაცია არც საშუალებების ტიპზე, არც მათ რაოდენობაზე, გამოყენების გარემოებებზე და არც ქიმიური ნაერთების შესახებ, რომლებიც შესაძლოა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს.

2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ომბუდსმენი დაინტერესდა, რა დროს, სად, რომელი სახეობის და რა რაოდენობის სპეციალური საშუალება იყო გამოყენებული, გაიარა თუ არა კონკრეტულმა საშუალებამ შემოწმება ან ექსპერტიზა, რა ქიმიური ნივთიერებები და რა პროპორციით გამოიყენეს, და შესაძლებელი იყო თუ არა წყლის ჭავლის მანქანებში ქიმიური ნაერთების შერევა.

„აპარატს ხსენებული ინფორმაცია დღემდე არ მიუღია,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2024 წელი არასათანადო მოპყრობის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდად დარჩება. ომბუდსმენის შეფასებით, გაზაფხულსა და ზამთარში სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მღელვარებების სრული დაშლა განახორციელეს

„სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განურჩეველი, უსაფუძვლო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით“.

დოკუმენტის თანახმად, ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან ცემას, არაადამიანურ მოპყრობასა და წამების ნიშნებს, რაც „ზამთრის აქციების დროს სისტემური ხასიათის“ გახდა.
მსხვერპლებს, ანგარიშის მიხედვით, სხეულის დაზიანებები „სავარაუდოდ დასჯის მიზნით“ მიაყენეს.

BBC-ის გამოძიება: „როცა წყალი წვავს“

BBC-იმ გაავრცელა დოკუმენტი, სადაც მათი თქმით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარის შესახებ ინფორმაციაა მოცემული. მასში მითითებულია ორი ნივთიერება და ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეერიოთ ისინი წყალს:

  • UN 1710 – ტრიქლორეთილენი (TCE),
  • UN 3439 – ტოქსიკური აგენტების ჯგუფი, BBC-ის ვარაუდით — ბრომობენზილ ციანიდი (BBC), იგივე „კამიტი“.

გამოძიების თანახმად, დოკუმენტის ნამდვილობა რამდენიმე ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა.

ამის შემდეგ, დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩანიშნა, სადაც დაადასტურა, რომ შსს-ს შესყიდული აქვს ნივთიერებები, რომლებსაც კოდი UN3439 აერთიანებს. მისივე თქმით, შესყიდულ ნივთიერებებს შორის არ არის კამიტი. „დანარჩენს წარმოადგენს გამოძიება“, – თქვა კობახიძემ.

მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლის დროს წყლის ჭავლში „სავარაუდოდ“ იყენებდნენ ამავე კოდის ქვეშ შემავალ ფხვნილებს, თუმცა, „ეს კოდი არაფერს არ იძლევა“.

კობახიძე ამბობს, რომ ჩატარდება შესყიდული და გამოყენებული ფხვნილის „სრულფასოვანი ანალიზი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები