მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ინფრასტრუქტურა მოეწყობა მთიანი აჭარის 10-მდე ტურისტულ მიმართულებაზე?

64a7fa6050224
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.23 16:17
1205
მთიან აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს. მირვეთი, ღომა, ნამეფვარი, ბრილი, ჩალეწილები, ლელთის ტბა იმ 10-მდე ტურისტულ მიმართულებას შორისაა, სადაც მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა და საპიკნიკე სივრცეები ეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც BM.GE-ს უწყებიდან აცნობეს, ამ მიმართულებებზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 618 040 ლარი დაიხარჯება. მოგზაურებს ახალი მოსასვენებელი სივრცეებით, ფოტოკონსტრუქციებით, ფანჩატურებითა და ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკებით სარგებლობა სექტემბრიდან შეეძლებათ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების ადმინისტრაციის ცნობით, საპიკნიკე სივრცეების მოწყობა-განახლება ძირითადად აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ტურისტულ ბილიკებზე ხორციელდება. მათ შორის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია სოფელი მირვეთი, სადაც ამ ეტაპზე ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკის კეთილმოწყობა და მოსასვენებელი სივრცეების განახლება მიმდინარეობს. ბილიკზე მიმდინარე სამუშაოებსა და ტურისტულ ადგილებს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებთან, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო. იქვე გიდებისა და ადგილობრივების ჩართულობით განიხილეს ყველა ის შესაძლებლობა, რაც მირვეთსა და ზოგადად, სოფლად არსებულ ტურისტულ მიმართულებებს განვითარებაში დაეხმარება.

ცნობისთვის, სოფელი მირვეთი მაჭახელას ხეობაში, ბათუმიდან 27 კილომეტრში მდებარეობს. მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული მირვეთი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია აჭარაში, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით. სოფელში შეხვდებით გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის ხეივანს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და XII საუკუნეში აგებულ თაღოვან ხიდის. ბზის ხეებით დაბურულ ხეობაში მდებარე მირვეთის ჩანჩქერი 20 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. აქვეა მოწყობილი საპიკნიკე ტერიტორიაც, სადაც კარვების გაშლა, მდინარეში ბანაობა და კატერით გასეირნებაა შესაძლებელი.





უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებზე მიმდინარეობს მუშაობა. ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე სივრცეები და სამთო ველობილიკი იმ პროექტებს შორისაა, რომლებსაც რეგიონი ტურისტებს სთავაზობს.

მიმდინარე წელს, ასევე იგეგმება რეგიონში არსებულ 5-მდე ჩანჩქერთან და გულების ციხესთან მისასვლელი ბილიკებისა და გადმოსახედი კოშკურის დაპროექტება, რომლის მოწყობაც უკვე შემდეგ წელს დაიწყება. ბოლო წლებში, მთიან აჭარას ჯამში 5-ზე მეტი ახალი საპიკნიკე ზონები შეემატა. ჯამში, კი აჭარაში 25-ზე მეტი ტურისტული საფეხმავლო-სათავგადასავლო მარშრუტია, სადაც ტურისტებს მოგზაურობა შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები