ოქროსა და ვერცხლის ფასები იზრდება. უფრო კონკრეტულად, ერთწლიან პერიოდში ოქრო 77%-ით არის გაძვირებული, ხოლო ვერცხლის ზრდის მაჩვენებელი 210%-ს აღწევს.
ბოლო პერიოდში, ბირჟაზე ოქროსა და ვერცხლის ფასების რეკორდული ზრდა რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია. ძვირფასი ლითონების ღირებულების მატება, პირველ რიგში, გეოპოლიტიკურ დაძაბულობასა და ეკონომიკურ გაურკვევლობას უკავშირდება, რის გამოც ინვესტორები ოქროს, როგორც უსაფრთხო აქტივს, სულ უფრო ხშირად ირჩევენ კაპიტალის დასაცავად და რისკების ჰეჯირების მიზნით.
ომები, სავაჭრო კონფლიქტები და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის არაპროგნოზირებადობა ბუნებრივად ზრდის მოთხოვნას ისეთ აქტივებზე, რომლებიც ინფლაციისგან და ვალუტის გაუფასურებისგან თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალებებად ითვლებიან, ოქრო კი მათ შორის ყველაზე გამოცდილი და აღიარებულია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ცენტრალური ბანკების პოლიტიკაა. ბოლო პერიოდში ბევრმა ქვეყანამ, განსაკუთრებით განვითარებადმა სახელმწიფოებმა, მნიშვნელოვნად გაზარდეს ოქროს რეზერვების შევსების ტემპი, რათა შეამცირონ დამოკიდებულება დოლარსა და ევროზე. მაგალითად, გასულ წელს ცენტრალურმა ბანკებმა რეკორდული მოცულობის ოქრო იყიდეს და შესყიდვის ეს დინამიკა ახლაც უწყვეტად გრძელდება.
რაც შეეხება ვერცხლს, მისი ფასის რეკორდული ზრდა მხოლოდ საინვესტიციო მოთხოვნით არ არის განპირობებული. ვერცხლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ლითონია, რომელიც აქტიურად გამოიყენება მწვანე ენერგიის ტექნოლოგიებში, კერძოდ, მზის პანელების წარმოებასა და ელექტრომობილების ბატარეებში.
ამასთან, ოქროსა და ვერცხლს შორის ისტორიული კორელაცია არსებობს, რაც ვერცხლს შედარებით ხელმისაწვდომ ალტერნატივად აქცევს, რომელსაც ინდივიდუალური ინვესტორები განსაკუთრებით ხშირად ირჩევენ.




























