აუდიტორული კომპანიებისთვის ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულების გაფართოება იგეგმება. აღნიშნულს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კანონმდებლობით დადგინდეს აუდიტორებსა თუ აუდიტორული ფირმებისთვის აკრძალული არააუდიტორული სერვისების სია და ასევე, რიგ შემთხვევებში ნებადართული არააუდიტორული მომსახურებების შესახებ ინფორმაცია.
როგორც BMGTV-ის ეთერში „გრანთ თორნთონ საქართველოს“ ვიცე-მმართველმა, პაატა შურღაიამ განმარტა, საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული გამჭვირვალობა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ფინანსური გამჭვირვალობაა.
„გამჭვირვალობის ნაწილი არ უნდა გავიგოთ ისე, რომ რაღაც ფინანსური ინფორმაცია იმალება, გამჭვირვალობის ნაწილი არამხოლოდ კლასიკურად გულისხმობს ფინანსურ გამჭვირვალობას, არამედ ხარისხობრივად გამართულობას. მათ შორის სტანდარტების შემოღება, ეთიკის კოდექსის დანერგვა, ხარისხის კონტროლის მექანიზმების განვითარება, ეს გულისხმობს აუდიტორების პროფესიულ ზრდასაც და ზოგადად აუდიტის, როგორც სფეროს განვითარებას.
ამასთან, პროფესია აუდიტორი ზოგადად ლიცენზირებადია, ანუ თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ პროფესიას ფლობს, სჭირდება შესაბამისი სერტიფიცირება. თუმცა სერტიფიცირება არ არის ისეთი, რომ დღეს მიიღოთ და შემდეგ მთელი ცხოვრება იყოთ სერტიფიცირებული აუდიტორი. ეს გულისხმობს გარკვეულწილად განგრძობითი ტიპის სწავლებას და გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებას პროფესიული ცხოვრების მანძილზე“, - განაცხადა პაატა შურღაიამ.
აღსანიშნია, რომ აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საკანონმდებლო საქმიანობის რეფორმირება 2014 წლიდან დაიწყო, 2016 წელს კი კანონი დაახლოვდა 2006 წლის 17 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/43/EC დირექტივასთან. რეფორმა გრძელდება და სწორედ ამის ნაწილია დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებიც.
პაატა შურღაიას თქმით, რეფორმის მანძილზე საქართველოში მოქმედმა აუდიტორულმა კომპანიებმა საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დააგროვეს.
„ამ რეფორმის ტალღის ფარგლებში არამხოლოდ აუდიტორებმა, არამედ სხვა სთეიქჰოლდერებმაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვეთ. სთექიჰოლდერებში ვგულისხმობ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს (ფინანსთა სამინისტროში შემავალი ქვეუწყება), პროფესიული მომსახურების გამწევ ორგანიზაციებს, როგორიც ვართ ჩვენ - აუდიტორული, საკონსულტაციო კომპანიები; ბიზნესებს, რომელთა აუდირებასაც ჩვენ ვახდენთ და საბოლოო სთეიქჰოლდერებს, რომლებიც არიან ინფორმაციის მომხმარებლები, ანუ ვისთანაც უნდა მივიდეს ეს ყველაფერი. სამსახურის იდეაც ეს არის, რომ ინფორმაციის გამჭვირვალობა იყოს მაღალი, ხარისხი იყოს შესაბამისი, ინფორმაციის მიწოდება იყოს დროული და სანდოობა კარგი. ეს ეხმარება ინვესტორებს, პოტენციურად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ასევე, საბანკო ინსტიტუტებს სესხის გაცემის ნაწილში, და თავად თანამშრომლებს, თავიანთი კომპანიის ფინანსურ ინფორმაციას გაეცნონ“, - განმარტა პაატა შურღაიამ.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და ყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ), რაც პაატა შურღაიას თქმით, ამ უწყებას უფრო მეტად დამოუკიდებელს გახდის, მათ შორის ფინანსურად და ბიუროკრატიას შეამცირებს აღსრულების ნაწილს.