2024 წელი კომპანიების შერწყმა/შეძენის მიმართულებით საქართველოსთვის განსაკუთრებით დატვირთული და აქტიური იყო. ამ ეტაპზე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 11 კონცენტრაციაზე უკვე თანხმობა გაცემულია, ხოლო 3 საქმესთან მიმართებით პროცესები მიმდინარე რეჟიმშია.
საქმეების ყველაზე დიდი წილი ჰორიზონტალურ კონცენტრაციაზე მოდის, როცა ისეთი კომპანიების შერწყმა ხდება, რომლებიც ერთი და იგივე სექტორში ოპერირებენ, თუმცა არის საქმეები, როცა თანხმობა სააგენტომ ე.წ ვერტიკალურ კონცენტრაციაზე გასცა, ამ დროს ისეთი კომპანიების შერწყმა მოხდა, რომლებიც სხვადასხვა სექტორებში საქმიანობდნენ. სააგენტოში ამბობენ, რომ უფრო მეტად საყურადღებო ჰორიზონტალური კონცენტრაციებია.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონცენტრაციის შედეგად ისეთი სურათი გვაქვს, როცა კომპანიები გაერთიანების შემდეგ ბაზრის 40%-ზე მეტს იკავებენ, ამ დროს პროცესებში ჩართული სუბიექტის მიმართ კონკრეტული მექანიზმების ამოქმედება ხდება, იმისთვის, რომ კომპანიამ დომინანტური მდგომარეობით არ ისარგებლოს. ირაკლი ლექვინაძე გვიხსნის, რომ მსგავსი საქმეები ჯერ სააგენტოს პრაქტიკაში არ ჰქონია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ კომპანების შერწყმა/შესყიდვის მიმართულებით მიმდინარე საქმეების განხილვის შემდეგ ეს სურათი პრაქტიკაში უკვე გამოჩნდეს.
“კონკურენციის კანონმდებლობის მიხედვით, დომინანტად ითვლება კომპანია, რომელსაც 40%-ზე მეტი აქვს ბაზარზე. 40%-მდე ნებისმიერ კონცენტრაციაზე, თუ ეს ჰორიზონტალური ტიპის არის, ანუ თუ ერთი და იგივე პროფილის კომპანიები ერთიანდებიან, დასაშვებია. მაგალითად, სამშენებლო კომპანიები ერთიანდებიან და გაერთიანების შედეგად, მათი წილი არის 40%-მდე, ეს სავსებით დასაშვებია და ხშირად ასეთ კონცენტრაციაზე სააგენტო თანხმობას გასცემს, უბრალოდ ვამბობთ, რომ ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი იზრდება. ასეთი ტიპის კონცენტრაციების პლუსი არის, რომ ეს აჩვენებს ბაზრის განვითარებას. ასეთ დროს კომპანიებს უფრო დიდი რესურსი აქვთ, რომ მასშტაბის ეკონომიით უფრო მეტ ეფექტურობას მიაღწიონ და უკეთესი სერვისი შესთავაზონ მომხმარებელს.
თუმცა თუ კონცენტრაციის შედეგად წილი 40%-ს სცდება, ამ დროს კონკურენციის სააგენტო სხვა შეფასებას აკეთებს. კანონის მიხედვით, ასეთი კონცენტრაცია დაშვებული არ არის ან დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კომპანია იღებს გარკვეული ტიპის ვალდებულებს. ეს შეიძლება იყოს პირობითად ფასის ზედა ჭერის დაწესება ან გარკვეული პროცესების კონტროლი, რომელმაც შეიძლება ბაზარს პოტენციურად ზიანი მიაყენოს მომავალში", - ამბობს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.
თუ ბოლო ოთხი წლის ტრენდს ჩავხედავთ, ყველაზე მეტი გამსხვილება FMCG ბაზარზე მოხდა. 2020 წლიდან დღემდე კონკურენციის სააგენტომ კომპანიების შერწყმა/შეძენაზე თანხმობა 9 შემთხვევაში გასცა. სტატისტიკის მიხედვით, შემდეგ ადგილს სამშენებლო სექტორი იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზეა განათლების ბაზარი, სადაც ბოლო ოთხ წელში თანხმობა 5 კონცენტრაციაზე გაიცა.
“გრანთ თორნთონ საქართველო"-ს მმართველი პარტნიორი პაატა შურღაია M&A გარიგებების დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა, ამის პარალელურად, ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ორი კომპანია ერთიანდება, გარიგება წარმატებულია, თუმცა სინერგიის არარსებობის გამო, მათი კვლავ დაშლა ხდება, რაც როგორც თავად ბიზნესს, ისე ბაზარს რისკებს უქმნის.
“რაც უფრო მეტი გარიგება იქნება, ეს პოზიტიურად აისახება. შეიძლება გაიზარდოს წარმოების მასშტაბები, შეიძლება ისეთი პროექტები გაკეთდეს, რაც ერთ კომპანიას არ შეუძლია. M&A გარიგებაში იგულისხმება, რომ გარკვეულწილად ღირებულებითი და კულტურული სინერგია არსებობს და როცა ეს ორი კომპანია ერწყმევა, პოზიტიურად ისახება B2B, B2C ურთიერთობებზე.
თუმცა ყველაზე მტკივნეული არის ის, როცა სინერგია არ არის და როდესაც შერწყმული კომპანიების გაყოფა ხდება. ეს მტკივნეულია და ზუსტად ამ დროს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბაზარზე, პროდუქტზე, მოხმარებელზე, რაც შესაძლოა იყოს გამოხატული ფასებში, პროდუქციის დეფიციტში და ა.შ.” - ამბობს “გრანთ თორნთონ საქართველო"-ს მმართველი პარტნიორი პაატა შურღაია.
M&A გარიგებების მნიშვნელობაზე საუბრისას BLC-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე ამ მიმართულებით გარკვეული ძვრები არის, თუმცა M&A-ის განვითარებას მსხვილი კერძო კაპიტალით დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების განვითარება სჭირდება, რომლებიც სხვადასხვა სექტორებში არსებული კომპანიების მართვაში შედიან და გარკვეული დროის შემდეგ კომპანიების შერწყმა/გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებენ. ქეთი ქვარცხავას შეფასებით, მსხვილი კაპიტალის დეფიციტის ფონზე საქართველოში ასეთი კომპანიების სიმცირეა.
“ზოგადად ბაზარზე არის ორი ტიპის M&A. ერთი არის, როცა კომპანიები იძენენ ერთმანეთს, მეორე არის კერძო კაპიტალით დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი ე.წ private equity fund-ების მხრიდან განხორიელებული M&A. ჩვენთან საქართველოში ასეთი მასშტაბის, რომელიც მსგავს საქმიანობას ახორციელებს, მხოლოდ საქართველოს კაპიტალია, რომელსაც ამ სახის აქტივობა აქვს. ეს არ არის კომპანია, რომელიც თავისივე სეგმენტში ყიდულობს კომპანიას, არამედ სხვადასხვა სეგმენტს უყურებს, ყიდულობს კომპანიას, ზრდის იმ ვარაუდით, რომ შემდეგ გაყიდის. მისი მიზანი არის კაპიტალის დაგროვება.
თუ კიდევ გაჩნდება ასეთი კომპანიები საქართველოში, ასეთ შემთხვევაში უნდა ველოდოთ M&A სეგმენტის გაფართოებას, სხვა შემთხვევაში მე მგონია, რომ კიდევ დაცდა მოგვიწევს მანამდე, ვიდრე M&A-ის ბაზარი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - აცხადებს BLC-ის მმართველი პარტნიორი ქეთი ქვარცხავა.
ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტომ, წელს ჯამში 47 644 კონცენტრაცია გადაამოწმა. 11 კონცენტრაციაზე გაცემული თანხმობიდან კონცენტრაციის შესაძლო შეუტყობინებლობის 6 ფაქტზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. სააგენტოში განმარტავენ, რომ საშუალო ზომის ბიზნესთან ინფორმირების გასაზრდელად მუშაობენ. კონცენტრაციის შესაძლო შეუტყობინებლობის ფაქტებზე ამ დრომდე 300 000 ლარამდე ჯარიმაა გამოწერილი.