საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მომავალ წელს ფართო სექტორული კვლევის დაწყებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც შეფასდება რომელი სექტორია უფრო მეტად სენსიტიური და მოწყვლადი დემპინგის მიმართ. ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ BMG-სთან განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად სააგენტოს დემპინგის მიმართულებით ერთ საკითხს სწავლობს, რომელიც არმატურის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს შეეხება.
"ანტიდემპინგის მიმართულებით ამჟამად ერთი მიმდინარე ქეისი გვაქვს, რომელიც ეხება რუსეთიდან და ირანიდან არმატურისა და გლინულის შესაძლო დემპინგურ იმპორტს. რამდენიმე თვეა ამ საკითხს ვსწავლობთ. ვხედავთ, რომ მოხმარება გაზრდილია, მოხმარების გაზრდილ წილში გაზრდილია რუსეთიდან და ირანიდან იმპორტირებული არმატურის წილი, თუმცა რამდენად არის დემპინგური ზღვრები და როგორია მისი გავლენა ადგილობრივ ინდუსტრიის ზიანზე, ესაა მთავარი კითხვა რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ", - განაცხადა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, ზოგადად არის საუბრები, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში არ აისახება კონკრეტულ საჩივარში, ამიტომ GCCA სურათის დანახვის მიზნით, მომავალი წლიდან დაიწყებს ადგილობრივი ინდუსტრიების შესახებ კვლევას. ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი სექტორები წინასწარი კვლევის შედეგად გამოკეთება.
"რაც შეეხება სხვა სექტორებს, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ სხვადასხვა სექტორებთან, როდესაც ისინი მოგვმართავენ ან ჩვენი ინიციატივით ვაკეთებთ სექტორულ მონიტორინგებს. ბუნებრივია, დემპინგთან დაკავშირებით განაცხადის შემოტანა არ არის მარტივი პროცესი. მოიცავს ბევრ დამაზუსტებელ საკითხს და ასევე მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ რეალურად არის დემპინგი და ამ დემპინგს გავლენა აქვს კონკრეტული ინდუსტრიების ზიანზე. თუ კომპანიები სათანადოდ დასაბუთებულ და მტკიცებულებებით გამყარებულ განაცხადს წარმოადგენენ, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აღნიშნული მიმართულებებით შესწავლას დავიწყებთ. თუმცა ჩვენი ინიციატივით გვინდა, რომ მომავალ წელს გავაკეთოთ ფართო სექტორული კვლევა, სადაც სექტორის მომართვის მიუხედავად, დავინახავთ იმ რისკებს, თუ რომელი სექტორია უფრო მეტად დემპინგის მიმართ სენსიტიური.
იდენტიფიცირებული გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილობრივი ინდუსტრია, მათი წილები ადგილობრივ ბაზარზე და იმპორტის მაჩვენებლები, თუ როგორია ადგილობრივი ინდუსტრიის წარმოებასთან მიმართებით. ჩვენი მიზანია, რომ დავინახოთ თანაფარდობა და ასევე პრობლემური საკითხები ამასთან დაკავშირებით. ვნახოთ, როგორი სურათი გვექნება, რადგან საუბრები სულ არის, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში არ გარდაიქმნება ხოლმე ჩვენთან კონკრეტულ მომართვაში. მომავალი წლიდან დავიწყებთ ადგილობრივი ინდუსტრიების შესახებ კვლევას, რომლებიც ბევრად უფრო მოწყვლადი და სენსიტიურები არია დემპინგის მიმართ. გვინდა დავინახოთ სურათი, რამდენად აქვს საფუძველი ამ სახის განცხადებებს, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიძლება ჩნდებოდეს",- თქვა ლექვინაძემ.
ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2021 წლის 1-ელი ივნისიდან უფლებამოსილია, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულება უზრუნველყოს, თუმცა იმისთვის, რომ კონკურენციის სააგენტოში დემპინგურ იმპორტზე განაცხადი დაფიქსირდეს, კომპანიამ დემპინგური იმპორტი ფაქტებით უნდა დაასაბუთოს.