კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უფროსი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჯამში 700-ზე მეტი განაცხადია შესული, რომელთა უმეტესობაც ონლაინ ვაჭრობას ეხება.
მისივე თქმით, საკითხების დიდი ნაწილი მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის შეთანხმებით მთავრდება.
“მეთხუთმეტე თვეა, რაც სააგენტო კანონმდებლობის აღსრულებას ახორციელებს. 700-ზე მეტი განაცხადი გვაქვს მიღებული, უმრავლესობა ეხება ონლაინ ვაჭრობას. საქმეების უმრავლესობა, მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის შეთანხმებით მთავრდება, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრე აღადგენს მომხარებლის უფლებას, ასწორებს სავაჭრო პოლიტიკას და შესწავლის პროცესი რეალურად წყდება. ჩვენი გათვლებით, მომხმარებლებს 500 000 ლარზე მეტი პირდაპირ სარგებელი აქვთ მიღებული. განაცხადების შემოდინებით ყველაზე აქტიური თბილისია. საკითხების უმრავლესობა ეხება ტანსაცმლით, ტექნიკით ვაჭრობას და ისეთი საყოფაცხოვრებო პროდუქტებით ვაჭრობას, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება დისკუსიის საგანი მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის”,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან.
"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის აღსრულების მანდატი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 1 ნოემბრიდან აქვს.