2023 წელს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში მომხმარებლების 495 განაცხადი შევიდა, საიდანაც 64% ონლაინ ვაჭრობაზე მოდის. სააგენტოს წლიური ანგარიშის თანახმად, დარღვევა 54 შემთხვევაში დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ კი 98 შეთანხმება გაფორმდა.
მომხმარებლები ყველაზე ხშირად ნაკლიანი ნივთის შეკეთებას ან დაბრუნებას, ასევე თანხის დაბრუნებას ითხოვდნენ. უფრო დეტალურად, მოთხოვნების განაწილება ასეთია:
- ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება - 202;
- თანხის უკან დაბრუნება - 197;
- შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვა - 49;
- ნივთის უპირობოდ დაბრუნება - 32;
- ქართულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება - 21;
- დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდება - 21.
გასულ წელს მომხმარებლის სასარგებლოდ 500 000 ლარამდე ანაზღაურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი 11 მოვაჭრე 21 283 ლარით დაჯარიმდა.
ანგარიშში მოყვანილია სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის მიმართვა, რომელიც აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით საქმიანობა აქტიური და შედეგიანია.
„მომხმარებელი გრძნობს, რომ მოვაჭრესთან მიმართებაში მარტო არ არის და დარღვევის შემთხვევაში მოგვმართავს. მომართვების უმრავლესობა შეთანხმებით სრულდება, რაც ნიშნავს რომ მომხმარებელი იბრუნებს თანხას, ცვლის ნივთს, საჭიროების შემთხვევაში ხდება შეკეთება ან დაკომპენსირდება, მოვაჭრე კი ასწორებს საკუთარ პოლიტიკას ისე, რომ მომავალში დარღვევის რისკი ნაკლები იყოს. 2023 წელს მომხმარებლებმა სააგენტოს აქტიური ჩართულობით 500 000 ლარამდე პირდაპირი სარგებელი მიიღეს, ასევე მომხმარებლის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით დადგინდა რამდენიმე სამოქმედო სტანდარტი მოვაჭრეებისთვის, მათ შორის სწორად ინფორმირების, ქართულ ენაზე სერვისის მიწოდების, ფასის სწორად მითითების, SMS რეკლამირების და ა.შ.“,- აღნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე.
"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის აღსრულების მანდატი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან აქვს. თუ მომხმარებელი ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია სააგენტოს განცხადებით მიმართოს.