კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ სააგენტოში მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით მზარდი მიმართვიანობაა. ამის შესახებ ლექვინაძემ თბილისის მერიის ორგანიზებულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე განაცხადა.
სააგენტოს ინფორმაციით, სესიაზე გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, შედეგები და მიმდინარე აქტუალური საკითხები წარადგინა.
"სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს ფორმირების მიზნით, 2014 წლიდან - დღემდე, სააგენტომ 100 სავალდებულოდ განსახილველი რეკომენდაცია გასცა, მათ შორის - 63 სახელმწიფო ორგანოებს/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართულებით, ეკონომიკური აგენტებისადმი 24, ხოლო ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით 13. კონკრეტული შედეგებით დასრულდა 56 საქმის მოკვლევა და 13 ბაზრის მონიტორინგი. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიების კონცენტრაციების ეფექტური კონტროლი და დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სექტორში, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ გაცემულია 37 თანხმობა.
მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით მომართვიანობა მზარდია. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცის, რომ მოვაჭრესთან მიმართებით მარტო არ არის და დარღვევის შემთხვევაში შეუძლია მოგვმართოს და დაიცვას საკუთარი უფლებები. ამ დროისთვის, სააგენტოში 900-მდე განაცხადი ფიქსირდება. რაც შეეხება ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებას, დავასრულეთ 2 საქმე - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ და 3 ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი - სასურსათო, სასუქების და სამშენებლო სექტორში“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას.