მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება პარლამენტის რეგლამენტში?

პაპუაშვილი
BM. GE
10.10.23 00:45
15

„რეგლამენტში ცვლილებასთან დაკავშირებით მსურს განმარტება გავაკეთო, როგორც ვიცით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა თავის დროზე ჩაატარა  გარკვეული მოკვლევა რეგლამენტთან დაკავშირებით, თუ რა ხარვეზებს ხედავენ ან ეფექტიანობის მხრივ რა შეიძლება გაუმჯობესდეს.  ამის საფუძველზე ზაფხულში ცვლილებების ერთი პაკეტი მივიღეთ,  მათ შორის, არის ისეთი სიახლეები, როგორიც არის პაკეტად კენჭისყრა, სხვა საკითხები, რომლითაც გარკვეული პროცედურები გაუმჯობესდა ან გარკვეული ხარვეზები აღმოიფხვრა“ , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ახლა პარლამენტში ცვლილებების მეორე პაკეტია ინიცირებული, რომლის განხილვაც დაჩქარებული წესით  არ მოხდება და როგორც ფრაქციებს, ისე პოლიტიკურ ჯგუფებსა და საზოგადოებას საშუალება ექნება დააკვირდეს ამ პროცესს. მან რამდენიმე ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგლამენტის ცვლილებებით ახლებურად დარეგულირდება.

„გაგაცნობთ რამდენიმე  ძირითად საკითხს, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს საპარლამენტო ცხოვრებისთვის. ერთი საკითხი, რომელიც მედიაშიც იყო, არის ფარულ კენჭისყრებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა იმ საკითხს, თითქოს ეს იმპიჩმენტის პროცედურასთან არის დაკავშირებული. აქვე ვიტყვი, რომ დაჩქარებული წესით ეს პაკეტი არ განიხილება. შესაბამისად, ამ ცვლილების მიღება მოხდება ნოემბრის ბოლოს, ხოლო რაც შეეხება  იმპიჩმენტის პროცედურას, ვადებშია გაწერილი და ოქტომბერშივე დასრულდება. ამიტომ არანაირი კავშირი ამ ცვლილებას იმპიჩმენტთან არა აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, პრაქტიკის შესწავლამ  დაგვანახა, რომ რეგლამენტში არის გარკვეული თანამდებობები, სადაც ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით, ზოგზე - ღია  კენჭისყრით და არის ძალიან უსისტემო. მაგალითად,  „საქსტატის“ საბჭოს წევრის, საპენსიო ფონდის წევრის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, მაშინ როდესაც  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევა ხდება ღია კენჭისყრით. საერთაშორისო სისხლის სამართლის მოსამართლის არჩევა ხდება ფარულით, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა ხდება ღია კენჭისყრით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, რეგლამენტში გარკვეული უსისტემობა არის და შინაარსშიც ჩანს, რომ შემთხვევით იყო ზოგან ფარული და ზოგან ღია კენჭისყრა, ამიტომ ცვლილებათა ინიციატორებმა, რომელთა შორის თავადაც არის, პრინციპად აიღეს, რაც კონსტიტუციაშია, კერძოდ, ეს ეხება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევას, სხვა დანარჩენი თანამდებობის არჩევისას იქნება ღია კენჭისყრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს  უფრო გამჭვირვალეს გახდის.

ცვლილებები ასევე შეეხება კანონპროექტთა პაკეტის კენჭისყრას.

„აქამდე თუკი სხვადასხვა კვორუმის საჭიროების მქონე პროექტი იყო პაკეტში, ცალ-ცალკე ვუყრიდით კენჭს. პრაქტიკამაც აჩვენა, რომ უმჯობესია ეს იყოს ერთიანი კენჭისყრა, ამიტომ კენჭისყრა შედგება უმაღლესი კვორუმის მქონე პროექტის მიხედვით. თუ პაკეტში არის ორგანული კანონპროექტი, მთლიან პაკეტს პირველი და მეორე მოსმენის დროს დასჭირდება 76 ხმა. მესამე მოსმენაზე ყველა კანონპროექტს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ასევე არის შემთხვევები, როდესაც საკითხი განხილულია და კენჭისყრისთვის მზად არის, მაგრამ პარლამენტი გადადის შემდეგი საკითხის განხილვაზე, რომელსაც დიდი დრო სჭირდება და პარლამენტი კენჭისყრას ვერ ატარებს.

„ეს გამოცდილება ახლახან გვქონდა ბიუჯეტის ცვლილებების დამტკიცების დროს, როდესაც სხვა პროექტის განხილვა გაიწელა. შემოვა დებულება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სხდომის თავმჯდომარეს, რომ შეწყვიტოს საკითხის განხილვა, ჩაატაროს კენჭისყრა და გააგრძელოს შემდეგ საკითხის განხილვა. ეს დაგვეხმარება მათ შორის კენჭისყრის დაგეგმვისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ცვლილებები ასევე შეეხება პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშების მოსმენის საკითხს.

„საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მოკვლევა როცა ჩაატარა, თუ წელიწადში გვაქვს დაახლოებით 70 პლენარული სხდომის დღე, ანგარიშების რაოდენობა, რომელიც უნდა მოვისმინოთ 50-ზე მეტია, საიდანაც გამოდის ლოგიკური დასკვნა, რომ თუ პლენარული სხდომა ყველა ანგარიშს სათანადოდ მოისმენს და მინიმუმ ნახევარ დღეს დაუთმობს, პლენარული სხდომების ნახევარი ანგარიშების მოსმენას დაეთმობა. მსჯელობის შედეგად მივედით ერთ პრინციპამდე, რომ საკონსტიტუციო ორგანოების ანგარიშები ყველა შემთხვევაში გამოვიდეს პლენარულ სხდომაზე, მაგალითად, ეროვნული ბანკი, გენერალური პროკურორი, პრეზიდენტი, მთავრობა და ა. შ. დამატებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, ვინაიდან ეხება უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო სხვა დანარჩენი უწყებების  ანგარიშები,  როგორც აქამდე იყო, გავა კომიტეტის სხდომაზე და თუ ამას გადაწყვეტს კომიტეტი, შემდეგ ბიურო ან ნებისმიერი ფრაქცია ან პოლიტიკური ჯგუფი თუ მოითხოვს, მაშინ გავიტანთ პლენარულ სხდომაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,  ცვლილება შეეხება სხვადასხვა თანამდებობის პირების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც ფაქტობრივად ერთ მუხლში იყო მოქცეული. ტექნიკური ცვლილების მიხედვით  მოხდება მათი დაყოფა, რათა პროცედურა უფრო გასაგები იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები