მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა იცვლება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში? - ცვლილებების გავლენის შეფასება

“ქართული ოცნების” პარლამენტს „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებები შეაქვს, რომლის შედეგად, მედიებისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება იზღუდება.

კანონპროექტს „ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2025 წლის საგაზაფხულო სესია 27 ივნისს მთავრდება. შესაბამისად, მომავალი კვირიდან, სასამართლოს შენობასა და დარბაზში, ასევე ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება დაუშვებელი იქნება - ამის უფლება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება.

კერძოდ, „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, კანონის 13​1 მუხლის, მეორე პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: „სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.

ასევე, აუქმებენ ამავე მუხლის მე-7 პუნქტს, რომლითაც დღეს, „ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა“.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამ შეზღუდვების მიზეზი კონკრეტულად არაა განმარტებული.„იმისათვის რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელება და ხელი არ შეეშალოს სასამართლო სხდომების მიმდინარეობას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს სხდომების ღიაობა, მიზანშეწონილია, 131 მუხლში განხორციელდეს ცვლილება“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ასევე, საკანონმდებლო ცვლილებით „დაინტერესებული პირის“ ცნება ფართოვდება. ახლა ეს პირი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ის, ვინც უშუალოდ დაინტერესებულია საქმის შედეგით, არამედ ნებისმიერი პირი. მაგალითად, თუ ვინმე დაინტერესდება მოსამართლისგან პასუხის გაცემით სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, ეს შეიძლება ჩაითვალოს არასათანადო კომუნიკაციად, რაც დასჯადი იქნება.

„ნებისმიერი ფორმით“ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა იკრძალება, მათ შორის, შეიძლება მოვიაზროთ მოსაზრებების გამოთქმაც, რომელიც შეიძლება მიიჩნიონ სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევად.

იკრძალება ნებისმიერი სახის ზემოქმედება მოსამართლის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და მანამდე. ეს შეიძლება მოიცავდეს განცხადებებს, კითხვებს ან რაიმე ფორმით საჯარო გამოხმაურებებს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვნად ფართოვდება „სასამართლოს უპატივცემულობის“ ცნება. ნებისმიერ საჯარო სივრცეში სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ გამოთქმულმა აზრმა ან პროტესტმა შეიძლება გამოიწვიოს პასუხისმგებლობა.

სტუმრები: მაია კოპალეიშვილი - პარტია "ახალის" პოლიტსაბჭოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი, თსუ-ს პროფესორი;

კახა კოჟორიძე - ადვოკატი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები