მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იყო "ოცნების" გამარჯვების მთავარი ფაქტორები? - ირაკლი კობახიძის პასუხი

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი, ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე განმარტავს, თუ რა ფაქტორებმა უზრუნველყო საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" ამომრჩევლების მაღალი აქტივობა.

კობახიძის განცხადებით, მთავარი ფაქტორი ის "ძალიან დამაჯერებელი" გზავნილები იყო, რომლებსაც მმართველი პარტია წინასაარჩევნო პერიოდში ავრცელებდა. მისივე თქმით, გუშინდელი არჩევნები იყო რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის.

"მთავარი იყო ის ძირითადი გზავნილები, რაც გვქონდა, რაც იყო ძალიან დამაჯერებელი, იმიტომ რომ ეს გზავნილები ეფუძნება იმ რეალობას, რომლის წინაშეც იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. სინამდვილეში, ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, და ამ გზავნილს, რა თქმა უნდა, გაჰყვა ჩვენი ამომრჩეველი. ეს არის ყველაზე ხელშესახები პრობლემა, რის წინაშეც იდგა ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული და ქართველი ხალხი გამოვიდა ასეთ მობილიზაციით, სწორედ მშვიდობის დასაცავად.

ტრადიციული ფასეულობები - აქაც თქვენ იცით, რომ გარკვეული მძიმე ტენდენციებია, რაც არ მოსწონს ქართველ საზოგადოებას და ჩვენ მათ საზოგადოების დაცვას ვპირდებით გარკვეული არასწორი პროცესებისგან. ეს იყო მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ასევე განაპირობებდა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაციას", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

პრემიერის განცხადებით, "ქართული ოცნება" ერთადერთი პარტია იყო, რომელმაც სამომავლო განვითარების მკაფიო ხედვა წარუდგინა საზოგადოებას, რამაც ასევე იმოქმედა საარჩევნო აქტივობაზე.

"რაც მთავარია, ამ გეგმას ზურგს უმაგრებს წარსული გამოცდილება. ჩვენ გვყავს გამორჩეული ეკონომიკური გუნდი ჩვენს პარტიაში, მთავრობაში, რომელმაც უზრუნველყო, რომ მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში, 40 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა. ეს აისახა უმუშევრობის, სიღარიბის შემცირებაზე და ა.შ.

იცით, რა ტემპებით ვითარდება ინფრასტრუქტურა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს პირობებში არის კორუფციის დაბალი დონე, რაც აისახება ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხსა და ტემპზე. ჩვენ წარსული გამოცდილება გვიმაგრებს ზურგს და გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებისთვის წარგვედგინა ძალიან ამბიციური პროგრამა, ეკონომიკური განვითარების გეგმა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მეორე ფრონტის ნარატივზე და განაცხადა, რომ "ქართული ოცნების"მიერ მიღებული მაღალი პროცენტი ქართული საზოგადოების მიერ "ეგზისტენციური საფრთხის" გააზრებას მოჰყვა.

"მაგრამ მთავარი მაინც იმ ეგზისტენციური საფრთხის გაცნობიერება იყო, რის წინაშეც იდგა ჩვენ ქვეყანა, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ და რაც აქტუალურია დღესაც. ჩვენ რომ ამ ძალების ხელისუფლებაში მოსვლა დაგვეშვა, 1 კვირა არ დასჭირდებოდათ ქვეყნის ომში ჩასართავად. ეს საფრთხე გააცნობიერა ქართულმა საზოგადოებამ და ეს იყო მობილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, დათვლილია 3100 უბანი, რაც ამომრჩეველთა ხმების 99.64%-ს შეადგენს, საიდანაც "ქართულმა ოცნებამ" ხმების 54.08% მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები