პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან შეწყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო მისი უფლებამოსილებები სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ანალოგიურ ბედს გაიზიარებს ანტიკორუფციული ბიუროც, რომელიც ასევე გაუქმდება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეერწყმება.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანია სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივება და პასუხისმგებლობების უფრო მკაფიო განაწილება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს 2022 წლიდან ლელა ჯანაშვილი ხელმძღვანელობს, რომლის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს მისი ანაზღაურება 131,637 ლარს შეადგენდა.
2025 წლის მდგომარეობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 84 ადამიანს ასაქმებს, მისი ბიუჯეტი კი 9 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც ხელფასებზე 6.4 მილიონი ლარი იხარჯება.
რაც შეეხება თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, 2025 წლის ივნისიდან მას ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ხელმძღვანელობს. წელს უწყების ბიუჯეტი 25.2 მილიონ ლარს შეადგენს. მასში სულ 341 ადამიანი არის დასაქმებული, რომელთა წლიური ხელფასიც 20.4 მილიონი ლარია.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა 12 ნოემბერს, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, მთავრობის ადმინისტრაციას მიენიჭება უფლებამოსილება გამოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, თანამდებობის პირების, სსიპ-ების, სახელმწიფო საწარმოების და ა(ა)იპ-ების შესახებ ინფორმაცია - მათ შორის, საგადასახადო საიდუმლოებისა და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შემცველი მონაცემები.




























