ძველი საცხოვრებელი ფართის განახლება ან ახლის გარემონტება რთული პროცესია, რადგან სივრცითი განლაგებისა და დიზაინის გარდა ფინანსური რესურსების მაქსიმალურ მენეჯმენტს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, რემონტის პროცესში გაუთვალისწინებელი ხარჯებისაგან დაზღვეული არავინაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი ცვლილებების დაწყებამდე, სასურველია, განსაზღვროთ რემონტის ტიპი და გაითვალისწინოთ ის რამდენიმე რჩევა, რომელზეც ამ ბლოგში ვისაუბრებთ.
რა განსხვავებაა კოსმეტიკურ და კაპიტალურ რემონტებს შორის?
პრაქტიკაში ორი სახის რემონტი არსებობს, ესენია: კოსმეტიკური და კაპიტალური. მათი ერთმანეთისაგან განსხვავება კი დაინტერესებულ პირებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, საჭიროებებისა და ბიუჯეტის უკეთ განსაზღვრაში დაეხმარებათ.
შეიძლება ითქვას, რომ კოსმეტიკური რემონტი უკვე არსებული ინტერიერის მიმზიდველობისა და ფუნქციონალურობის გაზრდასა ან გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს ყველაფერი კი საცხოვრებელი ფართის სტრუქტურისა და სხვადასხვა სისტემების ფუნდამენტური ცვლილების გარეშე ხდება. შესაბამისად, თუ თქვენს ბინაში კოსმეტიკური რემონტის გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, შემდეგი სამუშაოების ჩატარება დაგჭირდებათ: კედლებისა და ჭერის შეღებვა, იატაკის აღდგენა ან მოხვეწა, შპალერის, კარ-ფანჯრისა და შესაძლოა ავეჯის ცვლილება. შესაბამისად, კოსმეტიკურ რემონტში მინიმალური ცვლილებები მოიაზრება.
თუკი საცხოვრებელი ფართი ახლახან შეიძინეთ, მაშინ უფრო მეტი ძალისხმევა ანუ კაპიტალური რემონტი დაგჭირდებათ. კაპიტალური რემონტი კოსმეტიკურ სამუშაოებამდე სრულ კონსტრუქციულ ცვლილებებს გულისხმობს. უფრო კონკრეტულად კი რემონტის ეს უფრო მასშტაბური სახეობა მოიცავს ისეთი კომპონენტების განახლებას ან შექმნას, როგორებიცაა: ტიხრების დამატება, მანამდე არსებული კომპონენტების დემონტაჟი, ელექტრობის ან/და სანტექნიკის სისტემების შეცვლა და ა.შ. შესაბამისად, კაპიტალური რემონტი უფრო მეტად გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი გადაწყვეტილებაა, რაც, თავის მხრივ, უძრავ ქონებას სტაბილურობასა და ფასს უნარჩუნებს. მასშტაბებიდან გამომდინარე, კაპიტალური რემონტი ფრთხილ და ზუსტ დაგეგმვას, უფრო მაღალ ბიუჯეტსა და პროფესიონალურ გამოცდილებას მოითხოვს.
რა ჯდება ერთი კვადრატულის რემონტი?
რთულია იმის პროგნოზირება თუ რა ჯდება ერთი კვადრატულის რემონტი, იქნება ეს სახლის თუ კომერციული ფართის შემთხვევა, რადგან ეს საკითხი ინდივიდუალურად წყდება და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: რემონტის ტიპი, რადგან კაპიტალური უფრო მასშტაბური ინვესტიციაა, ვიდრე კოსმეტიკური, მასალების ხარისხი, პირადი პრეფერენციები და ა.შ.
ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ბაზარზე არსებული ყველა სფერო გაძვირდა, მაგალითად, ფასების ზრდა შეეხო ოქროს ბირჟას, სამშენებლო სექტორს და ა.შ. ცხადია, გამონაკლისი არც რემონტია. აღნიშნავენ, რომ სამშენებლო მასალებთან ერთად ხელობის შემსრულებელ პირთა დაქირავებაც გაძვირებულია. ეს ტენდენცია კი რემონტზე მზარდი მოთხოვნით აიხსნება. თუ გავითვალისწინებთ, მოქალაქეების მიერ ახალაშენებული ან მშენებარე უძრავი ქონების გაზრდილ შესყიდვებს, ეს არცაა გასაკვირი.
ბოლო სამი წლის განმავლობაში სამშენებლო-სარემონტო მასალების ფასი დაახლოებით 30-40%-ითაა გაზრდილი. ბინების რემონტის ფასი დაახლოებით 250$-ია. ამაში იგულისხმება საშუალო ხარისხის მქონე მასალის გამოყენებით შესრულებული სამუშაო. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ მაღალი ხარისხის მასალას გსურთ, მაშინ 1 კვ.მ-ზე საშუალოდ 400-500$ უნდა განსაზღვროთ.
ამ სფეროში დასაქმებულები აღნიშნავენ, რომ გარდა სარემონტო მასალებისა, მნიშვნელოვნადაა გაძვირებული ხელოსნის მომსახურებაც. მაგალითად, წინა წლებში 1 კვ.მ ლამინატის დაგება დაახლოებით 10-15 ლარს შორის მერყეობდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი მინიმუმ 25 ლარს შეადგენს. დღევანდელი მონაცემებით აბაზანის რემონტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მომსახურებაა სველი წერტილების მონტაჟისათვის საშუალოდ 40-50 ქართული ლარი უნდა განსაზღვროთ. იმ შემთხვევაში თუ ხელოსანი მხოლოდ ერთჯერადად მცირედი პრობლემის გამოსასწორებლად დაგჭირდათ, ამ მომსახურებას დაახლოებით 70-ლარად მიიღებთ, რაც ორი-სამი წლის წინანდელ ფასებთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია.
აღსანიშნავია, რომ რემონტის ფასები ბინის კონდიციების მიხედვითაც განსხვავდება. ამას სხვადასხვა საჭიროებები განაპირობებს. იგულისხმება, რომ შავი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარებული საცხოვრებელი სივრცე საჭიროებს ე.წ კაპიტალურ რემონტს, მწვანე და თეთრი კარკასები კი შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ კოსმეტიკურს. მაგალითად, შავი კარკასის სარემონტო ფასი დაახლოებით 520-570 ლარიდან იწყება. რაც შეეხება თეთრ და მწვანე კარკასების რემონტს, ამ მომსახურების მიღებას 455 და 380 ლარებიდან შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ 1 კვ.მ-ის ზუსტი ფასი დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე, შესასრულებელი სამუშაოს სირთულესა და სარემონტო მასალების ხარისხზე.
რა უნდა გაითვალისწინოთ რემონტის დროს?
მართალია, ბინების რემონტი ახალი და მეტად კომფორტული ცხოვრების დასაწყისია, თუმცა საცხოვრებელი ფართის გარდაქმნა და გაუმჯობესება კომპლექსური საკითხია, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ პროცესში ბევრი დეტალის გათვალისწინება მოგიწევთ. მაგალითად, საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი მიზნები და საჭიროებები - რემონტი დიზაინის გასაახლებლად გსურთ თუ სახლის კონსტრუქციისა და სისტემების ფუნდამენტური ცვლილება გჭირდებათ.
სახლის რემონტის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ბიუჯეტია. იმისათვის, რომ რემონტის პროცესი ეფექტურად წარიმართოს, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები სწორად განსაზღვროთ. გარდა ძირითადი სარემონტო სამუშაოებისა, სრული თანხის დაახლოებით 10-20% გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც გადაინახეთ.
თუ თქვენს ბინაში მასშტაბური ცვლილებები გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ, სავარაუდოდ, პროფესიონალების დახმარება დაგჭირდებათ, რადგან ისინი პროცესს ორგანიზებულად და ეფექტურად წარმართავენ. მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი გამოცდილ და სანდო პიროვნებებზე შეაჩეროთ. ამისათვის კი გამოიყენეთ თქვენი გარშემომყოფების გამოცდილებები და რეკომენდაციები.
პროფესიონალებთან ერთად დეტალურად განიხილეთ ჩასატარებელი სამუშაოები და რემონტის სავარაუდო დრო განსაზღვრეთ. როგორც წესი, დროში გაწელილი პროცესი ხარჯებსაც ზრდის ხოლმე. ამასთანავე, სწორად შეარჩიეთ სეზონი, რადგან ეს საკითხი პოტენციურად ზემოქმედებს მუშახელის ხელმისაწვდომობასა და მათ მიერ გაწეული სამუშაოს ღირებულებაზე.
ახალი რემონტი თქვენს ამჟამინდელ გემოვნებასა და საჭიროებებს უნდა ასახავდეს, თუმცა სასურველია მომავლის პერსპექტივებიც გაითვალისწინოთ. იფიქრეთ მდგრადობაზე, ენერგოეფექტურობასა და ეკოლოგიურობაზე.
სარემონტო სამუშაოები, როგორც წესი, სტრესული და რთული პროცესია, ამიტომ ამისათვის მოამზადეთ თქვენი ემოციური ფონი და საუკეთესო შედეგის მიღებამდე გამოიჩინეთ მოთმინება.
და ბოლოს, თუ გსურთ გაიგოთ ახალი ამბები ბიზნესში, მაშინ თვალი ადევნეთ BMG-ის პლატფორმებს.