მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება ერთკვირიანი მოგზაურობა ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე?

63fe426b36108
სალომე ხიდურელი
28.02.23 23:55
1438

TUREBI.GE-ს დამფუძნებელმა ნიკა გოგოლაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ 2023 წლის ტურისტულ ტენდენციებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოთხოვნა განსაკუთრებით ნაპოლში მოგზაურობაზე გაიზარდა.

„კოვიდის შემდეგ, 2022 წლის ომმა მოგზაურობის პროცესიც შეაფერხა. თუმცა საზოგადოება ამ პრობლემებთან თანაცხოვრებას შეეჩვია და ველოდებით, რომ, იანვარ-თებერვლის მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 2023 წლისთვის მოგზაურთა რაოდენობა გაორმაგდება.

ზამთრის პერიოდში ყველაზე აქტუალური საზღვაო კურორტებია - ეგვიპტე, დუბაი... განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დუბაის მიმართულებით პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა დაიწყო, რამაც დუბაიში ვიზიტი გააიაფა.ასევე ყოველთვის მაღალია მოთხოვნა თურქეთის მიმართულებებზე და, რა თქმა უნდა, პარიზზე. ასევე მოთხოვნადია იტალიის კომბინირებული ტურები, ერთად იგეგმება რამდენიმე ქალაქი: რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი და განსაკუთრებული ახალი ლოკაცია - ნაპოლი, რადგან ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ხალხს ფეხბურთთან ერთად მოგზაურობაც შეაყვარა“, - ამბობს ნიკა გოგოლაძე.

ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი მოგზაურობის ღირებულებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში მოთხოვნის გაზრდასთან ერთად ფასები ყველა მიმართულებით გაიზარდა.

„როგორც წესი, საშუალოდ ერთ კვირიანი დასვენებები იგეგმება ხოლმე. პანდემიის შემდეგ მოგზაურობაზე მოთხოვნის გაზრდისა და ინფლაციის გამო ფასები ყველა მიმართულებით გაზრდილია. ერთ ადამიანზე ერთ კვირიანი ტური, რომელშიც შედის ორმხრივი ავიაბილეთები, შიდა ტრანსფერი, სასტუმრო და სამოგზაურო დაზღვევა, ეგვიპტეში 1800-ლარიდან იწყება, თურქეთში ამ ეტაპზე 1500-ლარიდან, თუმცა ზაფხულში 2000 ლარზე მეტადაც გაიზრდება, საზღვაო კურორტებზე, მაგალითად, ესპანეთის მიმართულებით კი 1500-2500 ლარის ფარგლებშია“, - აცხადებს ნიკა გოგოლაძე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 3,7-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასევე, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 944.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 99.4 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები