კომპანია Photomate-ის ტექნიკური დირექტორი ლევან ბოსტიაშვილი BMGDRIVE-ის ეთერში ამბობს, რომ საკუთარი სახლის სახურავზე მცირე ზომის მზის სადგურის გაკეთებისას კილოვატის ფასი 600 დოლარამდეა. როგორც მან განმარტა, ამ თანხაში მზის პანელების მონტაჟიც შედის.
"საკუთარი სახლის სახურავზე ძირითადად 10 კილოვატამდე სადგურები მონტაჟდება და მათი ღირებულება დღეისათვის 500-დან 600 დოლარამდეა კილოვატის ფასი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორი ტიპის სახურავია. ამ ფასში შედის ყველა ტიპის მოწყობილობა, მონტაჟი და შემდგომ უკვე გარანტია კონკრეტული პერიოდის განმავლობაში. ყველა კომპანია სხვადასხვა გარანტიას სთავაზობს. 10 კილოვატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დაახლოებით გვეხმარება, რომ წელიწადში 13 ათასიდან 14 ათასამდე კილოვატ საათი ელექტროენერგია დავზოგოთ თუ ნეტო აღრიცხვაში გვექნება ჩართული. ნეტო აღრიცხვა, როგორც მოგეხსენებათ, გაძლევს საშუალებას, რომ მეტობით გამომუშავებული ელექტროენერგია ქსელში გაუშვა, შეინახო და შემდგომ დაიბრუნო", - ამბობს ბოსტიაშვილი.
2025 წლის 7 თვის მონაცემებით, ნეტო აღრიცხვაში სისტემაში 128 496.4 კვტ სიმძლავრის მზის სადგურია ჩართული. სემეკის მონაცემებით, მზის სადგურებით ჯამში 593 მომხმარებელი სარგებლობს (იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები). 128 მეგავატი დადგმული სიმძლავრიდან 102 მეგავატი "ენერგო პრო ჯორჯიას" ქსელშია ჩართული. "თელასის" ქსელში კი დაახლოებით 26 მეგავატის სიმძლავრის სადგურია ინტეგრირებული.




























