მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა? - ვასილ მაღლაფერიძის პასუხი

ახალი შენობა

რა ჯდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა და რა ვადაზეა ის გათვლილი? - ეს კითხვა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ვასილ მაღლაფერიძეს დაუსვა.

საქმე ის არის, რომ 13 სექტემბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში ვასილ მაღლაფერიძემ წარუდგინა.

ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, თუმცა კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის ხარჯები ჯერ გაწერილი არ არის, რადგან ბაზრის კვლევა მიმდინარეობს და ამ რიცხვების გაჟღერება კვლევის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელია.

„ახალი შენობის ღირებულება 85 263 621 ლარია, მიმდინარე ეტაპზე დაზუსტებული არ არის ავეჯის, კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯი. ჩვენ კანონმდებლობის მიხედვით ვმოქმედებთ, ეს დეტალები წასულია ბაზრის კვლევაზე, წინასწარ ვერ ვიტყვით ამას, რადგან ფასები ყოველდღიურად იცვლება. ბაზრის კვლევიდან უნდა შემოვიდეს 3 აქტორი მაინც და ბოლო კაპიკამდე იქნება ყველაფერი ცნობილი.

ამ წუთში მშენებლობა მთავრდება, შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 22 592 114 ლარს. ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ამ წუთში შესრულებულია 40 მლნ-მდე ღირებულების სამუშაო, თუმცა რადგან შემსყიდველს მხოლოდ მას შემდეგ ვუხდით, რაც ის შეასრულებს ამ სამუშაოს, ეს დაზუსტებული მონაცემი კვარტალის ბოლოს იქნება.

რაც შეეხება დაფინანსებას, ბიუჯეტი არის 80 მილიონ ლარამდეა, ბიუჯეტის კანონის მიხედვით გაყიდული შენობის ღირებულება უნდა აისახოს ბიუჯეტში. ერთია სახელმწიფოს მიერ მიღებული ფული, მეორე გაყიდვის შედეგად მიღებული ფული, რომელიც ტრანშებად მოდის“, - განმარტა ვასილ მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიშში კი აღნიშნულია: „2023 წლის ბოლოდან საქართველოს პირველი არხი დაიწყებს ახალ მისამართზე გადასვლის პროცესს. პროექტის მასშტაბურობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2024 წელს მაუწყებელი თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგება. ახალ მისამართზე გადასვლისა და ურთულესი ტექნოლოგიური ინტეგრაციის პროცესის პარალელურად, მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს 2024 წლის ბიუჯეტის და პროგრამირების გადაგეგმვა ახალ შენობაში გადასვლის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბერში, თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა. აუქციონზე გამოტანილი იყო 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ჰქონდათ. მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ შეიძინა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები