მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მე-2 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
ელექტრონული ტენდერის თანახმად, წინადადებების მიღება 15 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 112 701 314 ლარია.
რას ითვალისწინებს პროექტი?
პროექტის ფარგლებში, ფონიჭალის მონაკვეთზე დაგეგმილია 3.6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა და მტკვარზე ორი ახალი ხიდის (211 და 170 მეტრი სიგრძის) მოწყობა. სანაპიროზე ასევე განთავსდება მოსასვენებელი სივრცეები და ფეხით მოსიარულეთათვის შუქნიშნებით აღჭურვილი ზონები.
აშენდება ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზიტული მოძრაობის მოთხოვნებს, ხოლო ფონიჭალის ტერიტორიაზე მოეწყობა ერთდონიანი კვანძიც — ადგილობრივი მოძრაობის მოსაწესრიგებლად.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანახმად, ახალი მონაკვეთის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ქალაქის ქუჩებზე სატვირთო და ტრანზიტული მოძრაობის ინტენსივობას, გააუმჯობესებს მგზავრობის დროსა და უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას.
აღსანიშნავია, რომ თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობა 2019 წელს შეჩერდა. მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ მაგისტრალი გვერდს აუქცევს ფონიჭალის დასახლებულ ზონას, რომლის მცხოვრებთა პროტესტიც გახდა პროექტის გაჩერების მიზეზი.
თბილისი-რუსთავის მაგისტრალის პროექტი 2014 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაიწყო და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა დასრულებულია. სამუშაოებზე 184 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა.




























