ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის თბილისში მდებარე 5 მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. ჯამურად საუბარია 3 153 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ნაწილის გამოსყიდვაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.
მინისტრის 2026 წლის 2 ნოემბრის №1-1/407 ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაცია შეეხება ფონიჭალის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მოქცეულ უძრავ ქონებას. კერძოდ, ჩამორთმევის პროცედურის დასაწყებად მუნიციპალური განვითარების ფონდს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება მიენიჭა.
საექსპროპრიაციოდ განსაზღვრული 5 მიწის ნაკვეთიდან ყველაზე დიდი 1 637 კვადრატული მეტრია და რუსთავის გზატკეცილზე მდებარეობს. დანარჩენი ნაკვეთების ფართობებია 500, 403, 380 და 233 კვადრატული მეტრი. მათზე განთავსებულია სხვადასხვა შენობა-ნაგებობაც, მათ შორის ავტოსამრეცხაო და ავტოსარემონტო ბოქსები.
სამინისტროს ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე მესაკუთრეებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. შესაბამისად, ფონდმა ეკონომიკის სამინისტროს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით მიმართა.
ბრძანებით ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად მუნიციპალური განვითარების ფონდი განისაზღვრა, თუმცა საკუთრების ჩამორთმევისთვის მას სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება დასჭირდება. ამასთან, თუ მხარეები ქონების საბაზრო ღირებულებასა და კომპენსაციის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს გზით იქნება შესაძლებელი. კანონმდებლობის თანახმად, ექსპროპრიაცია წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით ხორციელდება.
ფონიჭალის შემოვლითი მონაკვეთისთვის მიწების გამოსყიდვის ღირებულება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2026 წლის ივლისში BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 17.1 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ჯამში 66 მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაა გათვალისწინებული, რომელთა საერთო ფართობი 62 271 კვადრატული მეტრია.
უწყების ინფორმაციით, ივლისის მდგომარეობით, უკვე გამოსყიდული იყო 51 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 43 173 კვადრატული მეტრი. მათ სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გადაიხადეს. შესაბამისად, გამოსყიდულ მიწებზე საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 279 ლარს შეადგენდა.
თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა 2014 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაიწყო. თუმცა 2019 წელს პროექტი თავდაპირველი საპროექტო ხარვეზებისა და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა. თავდაპირველი გეგმით, მაგისტრალს საცხოვრებელ ზონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე უნდა გაევლო.
2024 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო სამუშაოების ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელიც კომპანია „კოკს კონსალტის“ საქართველოს ფილიალმა მოიგო. ახალი, 3.6-კილომეტრიანი პროექტი 2025 წლის აპრილში დასრულდა და გზის განლაგება შეიცვალა.
ახალი პროექტის მიხედვით, გზა 211-მეტრიანი ხიდით გადაკვეთს მტკვარს, გაივლის მარჯვენა სანაპიროზე, შემდეგ კი 170-მეტრიანი ხიდით მდინარის მარცხენა სანაპიროზე დაბრუნდება და უკვე დასრულებულ მონაკვეთს დაუკავშირდება.
2025 წლის ოქტომბერში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობაზე 113 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ერთადერთი პრეტენდენტი თურქული კომპანია YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ იყო, რომელმაც 103.6 მილიონი ლარის შეთავაზება წარადგინა. თუმცა გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო კომპანია დისკვალიფიცირდა და ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ტენდერის გამოცხადების დროს მიწების გამოსყიდვის პროცესი დასრულებული არ იყო.
























