მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ჯდება უმაღლესი განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? - OECD-ის მონაცემები

ბაკალავრიატი

ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა შესაძლოა ყოველწლიურად ხუთნიშნა თანხა დაჯდეს ან სრულიად უფასო იყოს - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ქვეყანასა და უნივერსიტეტს აირჩევს სტუდენტი.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის, "Education at a Glance 2025"-ის მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 28 საგანმანათლებლო სისტემის რეიტინგს, ადგილობრივი ბაკალავრებისთვის განკუთვნილი ყოველწლიური სწავლის საფასურის მიხედვით.

მონაცემები მოცემულია აშშ დოლარში, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით. ციფრები ასახავს სწავლის საბაზისო გადასახადს გრანტებისა და სტიპენდიების გამოკლებამდე და მასში არ შედის ცხოვრების ხარჯები.

ინგლისის შემთხვევაში OECD სახელმწიფოზე დამოკიდებულ კერძო დაწესებულებებს ითვალისწინებს, რომლებიც ძირითად დაფინანსებას სახელმწიფოსგან იღებენ და იქაური საჯარო უნივერსიტეტების ყველაზე ახლო ეკვივალენტს წარმოადგენენ. გერმანიის მაჩვენებელი კი სამაგისტრო და სადოქტორო საფასურს, ასევე უცხოელი სტუდენტების ხარჯებსაც მოიცავს.

სწავლის საფასური ყველაზე მაღალი ინგლისსა და აშშ-შია

ინგლისში ბაკალავრიატზე სწავლის წლიური საფასური 13 135 დოლარს შეადგენს, რაც ოთხჯერ აღემატება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს (3 186 დოლარი) და დაახლოებით 3 540 დოლარით მეტია აშშ-ის მაჩვენებელზე (9 596 დოლარი).

წლიური ხარჯის სხვაობის მიუხედავად, ინგლისში სამწლიანი ბაკალავრიატის სრული საფასური ჯამში დაახლოებით 39 400 დოლარი გამოდის, რაც მხოლოდ მცირედით აღემატება აშშ-ის საჯარო უნივერსიტეტებში ოთხწლიანი სწავლის ღირებულებას (დაახლოებით 38 400 დოლარი).

ქვემოთ მოცემულია წლიური სწავლის საფასური ადგილობრივი ბაკალავრებისთვის 28 საგანმანათლებლო სისტემაში (აშშ დოლარში, PPP-ის მიხედვით):

ქვეყანა სწავლის წლიური საფასური საჯარო უნივერსიტეტებში ($, PPP)
1 გაერთიანებული სამეფო 13 135
2 აშშ 9 596
3 პოლონეთი 7 497
4 იაპონია 5 645
5 კანადა 5 590
6 ლიეტუვა 5 458
7 სამხრეთ კორეა 5 132
8 ავსტრალია 5 108
9 ლატვია 4 824
10 ახალი ზელანდია 4 748
11 ისრაელი 3 088
12 ნიდერლანდები 3 041
13 იტალია 2 570
14 რუმინეთი 2 163
15 ესპანეთი 1 708
16 ხორვატია 1 660
17 შვეიცარია 1 427
18 ფლამანდიური საზოგადოება (ბელგია) 1 410
19 ავსტრია 1 043
20 ლუქსემბურგი 494
21 ფრანგულენოვანი საზოგადოება (ბელგია) 433
22 საფრანგეთი 252
23 გერმანია 157
24 დანია 0
24 ფინეთი 0
24 ნორვეგია 0
24 შვედეთი 0
24 თურქეთი 0

რეიტინგის მეორე ბოლოში დანია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი და თურქეთი იმყოფებიან, სადაც ადგილობრივი სტუდენტებისთვის სწავლა სრულიად უფასოა. გერმანიაში სიმბოლური გადასახადი წელიწადში მხოლოდ 157 დოლარია, საფრანგეთში კი - 252 დოლარი. თუმცა, დაბალი ან ნულოვანი გადასახადი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სტუდენტები უნივერსიტეტს ვალების გარეშე ამთავრებენ.

OECD სკანდინავიურ მოდელს აღწერს როგორც შეგნებულ არჩევანს - უნივერსიტეტები პროგრესული დაბეგვრით დაფინანსდეს, კურსდამთავრებულებმა კი ხარჯები მოგვიანებით, ცხოვრების განმავლობაში უფრო მაღალი საშემოსავლო გადასახადებით აანაზღაურონ და არა უშუალოდ სწავლის საფასურით.

სწავლის გადასახადის არარსებობის მიუხედავად, ამ ქვეყნებში სტუდენტებს ხშირად მაინც სჭირდებათ ფინანსური დახმარება. OECD-ის მონაცემებით, ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთში სტუდენტების ნახევარზე მეტი იღებს სესხს, უმთავრესად ცხოვრების ხარჯების დასაფარად.

შედეგად, ნორვეგიელი კურსდამთავრებულის საშუალო ვალი 46 000 დოლარზე მეტია, რაც ინგლისელი სტუდენტის ვალის დაახლოებით ორ მესამედს შეადგენს - იმის მიუხედავად, რომ ნორვეგიაში სწავლა უფასოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები