2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფასო განათლების დანერგვისთვის 100 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
არსებული მდგომარეობით, პირველკურსელებისთვის, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხნენ უმაღლესი განათლება უფასოა. თუმცა აღნიშნული არ არის გათვალისწინებული არც თავად უნივერსიტეტების და არც განათლების სამინისტროს მოქმედ ბიუჯეტში, რადგანაც 2026 წლის ბიუჯეტი ამ ცვლილების შემოღებამდე დამტკიცდა. 2027 წლის ბიუჯეტში კი შესაბამისი მიმართულებით 100 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. მთლიანობაში უმაღლესი განათლების მუხლის ჯამური დაფინანსება 247 მილიონ ლარს აღემატება.
"უმაღლესი განათლება - 247,7 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში 100,0 მლნ ლარია გათვალისწინებული უმაღლესი განათლების რეფორმის დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან მიღებული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან", - ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის ასიგნებების თავში კი უმაღლესი განათლების დაფინანსების საპროგნოზო მოცულობად 234 მილიონი ლარი არის მითითებული, რაც 2026 წლის მოქმედ ბიუჯეტს 61.1 მილიონი ლარით აღემატება.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში უმაღლესი განათლების სწავლის გადასახადი 32.9%-ით შემცირდა.
























