გასული კვირის მიწურულს აუდიტის სამსახურმა 4 ანგარიში წარადგინა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს ეხება.
კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტიანობის შეისწავლის შემდეგ გამოვლინდა, რომ 2022-2023წწ-ში შემოწმების გარეშეა დარჩენილი ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და მათი საქმიანობების ძირითადი ნაწილი. შესაბამისად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სათანადოდ არ ფლობს ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.
ამასთან, ირკვევა, რომ არსებული მექანიზმების პირობებში, სამედიცინო დაწესებულებებში კონტროლი არ ახდენდა რისკების სათანადო შეფასებასა და ანალიზს. ანგარიშის მიხედვით, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებიდან ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 3% შემოწმდა.
გამოწვევაა მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების დროული და ეფექტიანი შესწავლა. საჩივრების განხილვა შემთხვევების 48%-ში გაგრძელდა 1-დან 3 წლამდე. აუდიტის ჯგუფის მიერ შესწავლილი 240 საჩივრიდან 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით მიმდინარე სტატუსის მქონე იყო საჩივრების 43%, საიდანაც 40% არის მოქალაქეთა მიერ 2022 წელს წარდგენილი საჩივრები.
გამოქვეყნდა ციფრული ჯანდაცვის აუდიტის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი მაღალია და საერთო რაოდენობის 67%-ს შეადგენს. 2022-2023 წლებში, რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის ჯამში თითქმის 2 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმაა გამოწერილი.
კიდევ ერთი თემა ეხება პირველად ჯანდაცვას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ექიმის ხელმისაწვდომობის საკითხს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სოფლის ექიმების განაწილების დემოგრაფიული და გეოგრაფიული კრიტერიუმები არ არის შემუშავებული, რაც აფერხებს სოფლის ექიმის მომსახურების ხელმისაწვდომობის შეფასებას, საკადრო რესურსების რეალური საჭიროებებისა და ვაკანტური პოზიციების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრას.
მაგ. 783 ტერიტორიული ერთეულიდან 45 მათგანში (6%-ში) არ არის დაცული საერთაშორისო კრიტერიუმით − ერთ ექიმზე მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობის რეკომენდებული ზედა ზღვარი და ერთ ექიმზე − 2 000-ზე მეტი მოსახლე მოდის. მაგალითად, არის ტერიტორიული ერთეულები, სადაც ერთი ექიმი, შესაბამისად, 4,445 და 5,980 პაციენტს ემსახურება.
სტუმარი: სანდრო ურუშაძე - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი


































