მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ხდება არგენტინის ეკონომიკაში?

არგენტინა მილეი

2025 წლის აპრილში არგენტინის ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, რაც ბოლო სამ წელიწადში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ნიშნულია, რომელიც ექსპერტების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს ერთბაშად 1.1 პროცენტული პუნქტით აჭარბებს.

აპრილში, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თვიურ ჭრილშიც, რადგან მარტში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.4%-ით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა 28.4%-ით გაზრდილმა ფინანსურმა სექტორმა და 17.1%-ით მომატებულმა მშენებლობის სექტორმა იქონიეს.

როგორც ჩანს, პრეზიდენტ ხავიერ მილეის მიერ დანერგილი თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკა მუშაობს. პრეზიდენტი, როგორც ცნობილია, ქვეყნის რეფორმირებას აგრძელებს. პრეზიდენტობის პირველი თხუთმეტი თვის განმავლობაში მილეიმ საჯარო სამსახურიდან 42,034 თანამშრომელი გაუშვა, ანუ დასაქმებულების ჯამური რაოდენობა 8.4%-ით შეამცირა. თანამშრომლები, უმეტესწილად, საჯარო ეროვნული ადმინისტრაციიდან, სახელმწიფო კომპანიებიდან და ჯარის შტატებიდან გათავისუფლდნენ, მაგრამ დახურულთა შორის ასევე მოხვდა არაერთი სახელმწიფო პროგრამა.

როგორც ქვეყნის სახელმწიფო ტრანსფორმაციის სამინისტროში ამბობენ, ამ გზით არგენტინის ბიუჯეტმა $1.6 მილიარდი დაზოგა, რაც ხავიერ მილეის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამ თანხის ნახევარი პირდაპირი დანაზოგია, რომელსაც სახელმწიფო გათავისუფლებული თანამშრომლების სახელფასო ფონდის შემცირებით მიიღებს, ხოლო დარჩენილი თანხები სამინისტროების ოპერირების გამარტივებიდან და პროგრამების შეწყვეტიდან მობილიზდება.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ხავიერ მილეის სამთავრობო კაბინეტი არ ჩერდება და ქვეყანაში დერეგულაციის პროცესის გაფართოებას აანონსებს. მიმდინარე წელს, არგენტინის ხელისუფლება სახელმწიფოსთვის არამნიშვნელოვანი მიმართულებების გაუქმებას გეგმავს, მაგრამ პროცესში ასევე აღმოიფხვრება დუბლირებული საქმიანობები. შედეგად, არგენტინის სახელმწიფო სტრუქტურაში დარჩება მხოლოდ ის მიმართულებები, რომელთაც საჯარო მმართველობაზე ყველაზე დიდი გავლენა აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები