საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ქარბუქის გამო, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოქმედებს დროებითი შეზღუდვები.
კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.
შეზღუდვა ასევე მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის გზის კმ120-კმ162 მონაკვეთზე (აგარების სატრანსპორტო კვანძი – ბორითის სატრანსპორტო კვანძი), სადაც ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური (ფოსტა) – კობი) მონაკვეთზე ასევე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დროებითი შეზღუდვები დაწესებულია საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზეც.
განახლება
კოდა-სოფელი ალგეთის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ამასთან, ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა–ნინოწმინდა) მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი – ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ასევე მოქმედებს შეზღუდვა მძიმე ავტოტრანსპორტისთვის.
გარდა ამისა, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა–თელავი) მონაკვეთზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ოფიტარა–მელე) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო კმ1-კმ42 მონაკვეთზე გადაადგილება თავისუფალია.
ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა–ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილებისას გაითვალისწინონ არსებული შეზღუდვები და დაემორჩილონ შესაბამის რეკომენდაციებს.




























