2025 წლის ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის ეკონომიკაში არსებული განწყობები მკვეთრად ნეგატიური გახდა. ამ მიმართულებით გამოსარჩევია, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართულებით წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული 1.3%-იანი კლება, ასევე იმპორტის 3%-იანი შემცირება, ავტომობილების გაყიდვის 26%-იანი კლება და იურიდიული პირების დაკრედიტების მკვეთრი შენელება. ამ ყველაფერს ემატება საზოგადოებაში, მათ შორის ბიზნესში არსებული ნეგატიური სენტიმენტები.
თუ რუსეთის ეკონომიკაში მართლაც კრიზისია, შენელების პირველი ნიშნები აუცილებლად უნდა გამოჩნდეს შრომის ბაზარზე და ეს გამოხატული უნდა იყოს მასობრივი დათხოვნებით, ვაკანსიების რაოდენობრივი კლებით და ხელფასების შემცირებით, მაგრამ რუსეთში ეს ნამდვილად არ შეიმჩნევა. პირიქით, უმუშევრობის დონე მარტში 2.3%-მდე შემცირდა, რაც ისტორიული მინიმუმია. ხელფასები კი, ამავე პერიოდში, ქვეყანაში 8.4%-ით გაიზარდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელსაც კი აჭარბებს. ვაკანსიების რაოდენობა აგრეთვე სტაბილურ მაჩვენებელზე ნარჩუნდება.
ეკონომიკური აქტივობის შემცირება, გარკვეულწილად, შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს საბაზო ეფექტს, ანუ ერთი წლით ადრე ზედმეტად სტიმულირებულ ეკონომიკას. 2024 წლის ბოლო კვარტალში, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 4.5%-ით გაიზარდა, რაც მთავრობის მხრიდან საბიუჯეტო დანახარჯებით მოთხოვნის სტიმულირებით აიხსნება, რაც ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება. საბაზო ეფექტის ლოგიკა ასევე ვრცელდება ავტომობილების გაყიდვების კლებაზე, რადგან გასულ წელს გაყიდვები არაბუნებრივად გაიზარდა.
ამ ყველაფრის ფონზე, გასულ წელს რუსეთის ეკონომიკაში ორი პარალელური ტენდენცია გამოიკვეთა. გარემო მოთხოვნის შემცირების და იპოთეკური სტიმულირების პროგრამის დასრულების ფონზე ნედლეულის მოპოვების და მშენებლობის სექტორები შენელდა, მაგრამ ბიუჯეტზე დამოკიდებული სფეროები, მათ შორის დამმუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა, პირიქით, გიაზარდა. აი, სწორედ ამ და სხვა მიზეზების დამსახურებით გაიზარდა რუსეთის ეკონომიკა გასულ წელს ერთბაშად 4.3%-ით.
ყველაფერს, როგორც ცნობილია, დასაწყისი და დასასრული აქვს და, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის საბიუჯეტო სტიმულურებასაც ეს ბედი ელის. როგორც ბიზნესის განწყობების ბოლო კვლევებიდან ვიგებთ, ქვეყანაში მკვეთრადაა გაზრდილი გაურკვევლობა, განსაკუთრებით ექსპორტიორ კომპანიებში. თავად ამ ფაქტს რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული 20%-იანი რეფინანსირების განაკვეთი, რაც ქვეყანაში კაპიტალს მნიშვნელოვნად აძვირებს და ასე, ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.




























