დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სებ-ის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშს წარუდგენს. სხდომის დაწყებამდე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც დღეს კობა გვენეტაძეს დაუსვამს კითხვებს. მისი თქმით, ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა დღეს არის მაღალი ინფლაცია.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით ადეკვატურ პასუხებს ელიან. ინფლაციის გარდა, კომიტეტის თავმჯდომარე ყურადღებას საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობის საკითხებზეც გაამახვილებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ანგარიში პარლამენტის წინაშე. 377-გვერდიანი ანგარიშია და მას ახლავს დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებაც, ეს ანგარიში მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის და გვაქვს კითხვები ცენტრალურ ბანკთან. ეს კითხვებია, პირველ რიგში, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ საბანკო ზედამხედველობა და როგორ უნდა გავხადოთ ის კიდევ უფრო ადეკვატური. მეორეა ასევე მიკროსაფინანსო სექტორის ზედამხედველობა, კაპიტალის ბუფერების ზრდა და საფინანსო სექტირის არასაბანკო ნაწილის ზედამხედველობა. ეს ის კითხვებია, რომელიც ჩვენ გადავეცით ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის კუთხით.
ასევე, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის არის მთავარი გამოწვევა - ესაა ინფლაცია, მოგეხსენებათ, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც ყველას აწუხებს და ყველა ვხედავთ, რომ მაღალია ინფლაცია. ეს არის მთავარი მანდატი ეროვნული ბანკისათვის; მოგეხსენებათ, 2021 წელს საქართველოში ერთ-ერთი მაღალი ინფლაცია იყო. კითხვები იქნება და ველოდებით ადეკვატურ პასუხებს ეროვნული ბანკისგან და მისი პრეზიდენტისგან. ეს არის ის კითხვები, რომლებიც ჩვენ გვექნება ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, იქნება ძალიან საინტერესო განხილვა ამ საკითხებზე.
ვფიქრობ, რომ საბანკო ზედამხედველობა გვაქვს კარგი და ის კარგ შეფასებას იმსახურებს როგგორც ჩვენის მხრიდან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან. რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაცია არის მაღალი და ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.




























