საქართველოს ეროვნული ბანკი ივნისის თვის ინფლაციური მოლოდინების გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვაში კერძო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ და ის ქვეყანაში ბიზნესის ინფლაციურ მოლოდინებს ასახავს. ანგარიშის თანახმად, ივნისში ბიზნესის ინფლაციური მოლოდინები მაისთან შედარებით შემცირებულია.
"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ამასთან ერთად, მოიმატა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას უფრო დაბალ ინტერვალში 2%-4%-ის ფარგლებში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები საგრძნობლად შემცირებულია. ერთი მხრივ, მაისთან შედარებით, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-იან ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ხოლო მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 0%-2%-ის ფარგლებსა და 2%-4%-ის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, ივნისში მაისთან შედარებით დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავდროულად, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 0%-2%-ის ინტერვალში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე დაკლებულია. კერძოდ, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ხოლო, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 0%-10%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, ივნისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მაისთან შედარებით გაზრდილია."- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის ივნისში საქართველოში 2.2%-იანი ინფლაცია იყო, რაც ბოლო 12 თვის ინფლაციის მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს.