მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კითხვებს სვამენ ტურისტები საქართველოში ჩამოსვლამდე? - ნიკა მანჯგალაძის მოლოდინები

64134c16e16a6
თელარა გელანტია
16.03.23 23:00
1905
ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებლის და სასტუმრო the 10-ის მფლობელის ნიკა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლის სურვილის მქონე ტურისტები ყველაზე ხშირად კითხვებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სვამენ.

ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ტურისტების ნაკადზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე კითხვები, არამედ ქვეყნის შიგნით დაძაბული პოლიტიკური პროცესები.

„აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტების განხილვასთან დაკავშირებით მიმდინარე აქციებმა ჩვენი სტუმრების ნაკადზეც იქონია გავლენა. იმ დღეებში, მაგალითად, 8 მარტს ვისაც ველოდით სასტუმროში, ყველამ გააუქმა ჯავშანი. სხვათა შორის ერთმა რუსმა, რომელმაც ასევე გადადო სტუმრობა, ძალიან ტკბილად მოიწერა - ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოიპოვებთ იმას, რაც გინდათო. სასიამოვნო იყო ანუ სხვანაირი რუსი იყო ალბათ... ამდენად, იმ ორმა დღემ, როდესაც რუსთაველის გამზირზე აქციები იყო, ტურისტული ნაკადები შეაყოვნა.

რა თქმა უნდა, ყველაზე ხშირად კითხვები ისმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მართალია, 2023 წელი ნორმალურად დაიწყო, მაგრამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, საიდანაც ტურისტული ჯგუფები ჩამოდიოდნენ, მაინც შეშინებულები არიან რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის გამო; თუმცა ჩვენი პარტნიორები ინდივიდუალურ ტურისტებს მაინც აგზავნიან.
სხვათა შორის, უფრო ნაკლებად მშიშარა ტურისტული ნაკადი აღმოჩნდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიიდან - მალაიზია, სინგაპური, საიდანაც ჩამოდიან ტურისტები. სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგი ტურისტები არიან, მათთან კომუნიკაცია მარტივია და თან მხარჯველუნარიანები“, - განაცხადა ნიკა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება მოლოდინებს მიმდინარე წლისთვის, Travelshop-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ზაფხულზე მეტად, ტურისტებს სექტემბერ-ოქტომბერში ე.წ. ხავერდოვანი სეზონისთვის ელოდებიან.

„ჩვენ ტრადიციულად ბევრი ტურისტი გვყავდა ბელარუსიდან, მაგრამ წელს ნაკლებად ველოდებით, გამომდინარე ბელარუსის ეკონომიკური მდგომარეობიდან. ალბათ უფრო ბალტიისპირეთიდან იქნება ტურისტების „შემოტევა“, რადგან ავიარეისები დაემატა და სადაც პირდაპირი ფრენა გვაქვს, იმ ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი უფრო მარალია“, - აღნიშნა მან.

„წერტილში“ ნიკა მანჯგალაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტორებს, რაც გეოგრაფიის და ასაკის მიხედვით ტურისტებს საქართველოში მოსწონთ.

„ქართული კლუბური ცხოვრება ძალიან პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში. არის შემთხვევები, როდესაც უცხოელს ეუბნები, რომ თბილისიდან ხარ და მისი რეპლიკაა - „ბასიანი“ და „ხიდი“ რომ არის?! ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. მეორე მხრივ, გვყავს უზბეკი თუ ყაზახი ტურისტები, რომლებიც ნოსტალგიური გრძნობით ჩამოდიან ისევ ბორჯომში, ყაზბეგში და ა.შ. - ესეც გვშველის პოსტსაბჭოთა სივრციდან ტურისტების მოსაზიდად“, - თქვა Travelshop-ის დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები