მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა კომპონენტებისგან დგება საწვავის ფასი და როგორია კომპანიების ტრანსპორტირების ხარჯი? – „ვისოლის“ განმარტება

ვასილ ხორავა

პლატსზე საწვავის ფასი, საზღვრამდე მიტანის ხარჯი, აქციზის გადასახადი და დღგ, ქვეყნის შიგნით ლოგისტიკის ხარჯები - ეს ის კომპონენტებია, რომელიც 1 ლიტრი საწვავის ფასს ქმნის.

ფასის მდგენელზე დღეს „ფასების საპარლამენტო კომისიაზე“ ნავთოიმპორტიორი კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე საწვავი ისე არ გაუძვირებია, როგორც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ამის მთავარი რესურსი კი გაყიდვების შემცირებამ და მარაგების ხანგრძლივობის ფაქტობრივად გაორმაგებამ გააჩინა.

„დღეს „პლატსზე“ საწვავის ღირებულება 1 150 დოლარია, რაც 1 ლიტრზე 2.30 ლარი გამოდის. ანუ 1150 დოლარი უნდა გავამრავლოთ ლარის დღეს არსებულ გაცვლით კურსზე ₾2.69, რაც 3 083 ლარია, გავყოთ ხვედრით წონაზე 1 350 ლიტრზე და ჩვენ მივიღებთ 2 ლარს და 30 თეთრს. ანუ პლატსზე“ 1 ლიტრი ბენზინის ფასი ყველაფერი დანამატი ხარჯების, ლოგისტიკის, დაზღვევის, ფრახტის, არაფრის გარეშე 2 ლარი და 30 თეთრია. შემდეგ საზღვრამდე მოტანისთვის რეგულარის ტიპის პროდუქტზე 60-70 დოლარი ემატება - მისი ტრანსპორტირება, გადმოტვირთვის ტარიფი, რომელიც ფოთის პორტში იხდის ყველა კომპანია და ქენინგის ტარიფი. მხოლოდ ჩვენი ზედნადები ხარჯი დაახლოებით 100-110 დოლარი უნდა ავიღოთ, რომ ის მოვიდეს და თბილისში დავასაწყობოთ. ანუ, 110 დოლარი რომ გავამრავლოთ 2.69-ზე და იგივე გავყოთ 1350-ზე, ეს გამოდის კიდევ დამატებით 22 თეთრი. ანუ, "პლატსის" 1 ლიტრი ბენზინის ფასს ₾2.30 თეთრს ემატება 77 თეთრის აქციზის გადასახადი და დავუმატოთ კიდევ დღგ. ეს გამოდის 3 ლარია დიზელში. - ჰო, ნუ ანუ საშუალოდ რომ გავასაშუალოოთ, 3 ლარი. ამას დაემატება კიდევ დღგ, საოპერაციო ხარჯები და მარჟა. გამოდის ₾3.40. აქ არის კიდევ ფასდაკლებები, რომელსაც კომპანიები 15-20 თეთრის ფარგლებში აკეთებენ. ჩვენი გაყიდვების 85% სწორედ ამ ფასდაკლებებით იყიდება“, - განმარტა ხორავამ.

„ვისოლის“ გენდირექტორი ასევე განმარტავს რა დანახარჯები აქვთ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს საწვავის იმპორტირების პროცესში:

„ნავთობპროდუქტების ფასების ფორმულირებაში რამდენიმე კომპონენტია, ძირითადი ნაწილი “პლატსზე“ საერთაშორისო ფასია. ბოლო პერიოდში მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე, ფასის ცვალებადობა იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ჰეჯირებას თვის საშუალო ფასზე ვაკეთებთ. სანამ ასეთი ტურბულენცია დაიწყებოდა ფასთან დაკავშირებით, საწვავის ფასის ფორმულირება 5-10 დღის საშუალო შეწონილი ფასით ხდებოდა.

პლატსის ინდიკაციის შედეგად დაფიქსირდება ფასი, მერე უკვე მიდის პლატს დამატებული ლოგისტიკური ხარჯები - გემის ფრახტი, ქარხნის პრემიუმი, რომელიც შეიძლება პლაცზე ზემოთ იყოს. ზოგიერთი ქარხანა ოპერირებს პლაც პლუს ნიშნულით, ზოგიერთი ქვეყანა და ქარხანა ნიშნულებს პლაც მინუს ნიშნულს აწესებს, რაც ინდივიდუალურია. შესაბამისად, ფასის დაფიქსირება საზღვრამდე ხდება და უკვე საზღვარზე, როცა უკვე საქართველოს კანონმდებლობით პროდუქტის განბაჟება ხდება, მას ემატება ის გადასახადები. ბენზინის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 500-ლარიანი აქციზის, დიზელის შემთხვევაში 400-ლარიანი აქციზის გადასახადი და დღგ - 18%.

ანუ 400-ლარიანი აქციზი ნიშნავს ერთ ტონაზე დამატებას, რომელიც ლიტრებში აისახება...

შემდგომ უკვე ამ პროდუქტს, რომელიც უკვე საქართველოში იქნება შემოტანილი ემატება ლოგისტიკური ხარჯები, გადასახადები, დაზღვევა პროდუქტის... საბანკო ხარჯები ემატება.

შემდეგ საზღვრიდან პროდუქტი რეზერვუარებში მიდის, ეგრეთ წოდებულ ტერმინალებში და ტერმინალებიდან სხვადასხვა გასამართ ლოკაციების მიხედვით ხდება დისტრიბუცია - იქ უკვე ემატება ტერმინალის ხარჯი, ანუ შენახვის ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ტერმინალთან. ეს არის შენახვის, ასევე დანაკარგების ხარჯი. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, რომ ნავთობპროდუქტები აქროლვადი პროდუქტებია, მას აქვს სპეციალური რეგლამენტი, რომლითაც ბუნებრივი დანაკარგების აღიარება ხდება. თუ ბუნებრივ დანაკარგებზე მეტია დანაკარგი, ბუნებრივია შესაბამისად ამას კანონმდებლობა არ არეგულირებს. ან თუ დანაკარგი იმაზე მეტია ვიდრე ვთქვათ კონოსამენტით იქნა გამოწერილი, მაშინ ჩვენ მომწოდებელთან გვაქვს პრეტენზია. შესაბამისად ან სადაზღვევო კომპანია ერთვება დანაკარგის ანაზღაურებაზე, ან მომწოდებელთან გვიწევს მერე ამის გარკვევა.

ერთი სიტყვით, ჩვენ ვიღებთ პროდუქტს უკვე საწყობში, ტერმინალში, განბაჟებულს, ესეთი ღირებულებების ჩათვლით და ხდება უკვე შემდგომ დისტრიბუცია, როგორც აღვნიშნეთ, ბენზინგასამართ სადგურებზე. არანაირი შუამავალი კომპანია ამ შემთხვევაში არ გვყავს ანუ დისტრიბუციაც ჩვენივე კომპანიის ხარჯებია და შიდა არსებული თანამშრომლობის საფუძველზე ხდება

საწვავის ფასზე გავლენას ორი მთავარი კომპონენტი ახდენს, იმიტომ რომ ძირითადი სხვა კომპონენტები შედარებით ნაკლებად მოძრავი კომპონენტია. ეს არის საწვავის ფასი, რომელიც ყოველდღიურად იცვლება და გაცვლითი კურსი, რომელიც ასევე ყოველ სამუშაო, საბანკო დღის დროს იცვლება. დანარჩენი სხვა კომპონენტები, როგორიც არის ფრახტი გემის, ან თუნდაც თანამშრომლის ხელფასი, ეს დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ ამას არა აქვს ისეთი მოძრავი ხასიათი, როგორიც ეს აქვს დამახასიათებელი ვთქვათ საწვავის პლაცის ან გაცვლითი კურსის პირობებში“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები