რამდენიმე წელია საქართველოში ინდოელი ტურისტებისთვის ციფრული ვიზების გაცემის პრობლემა დგას. სექტორის წარმომადგენლები BM.GE-სთან ამბობენ, რომ გაუგებარია როცა მცირე და საშუალო ზომის ტურისტული კომპანიების კლიენტების დიდ ნაწილს ვიზის მიღების პრობლემა აქვს, როგორ ხდება რომ რიგ კომპანიებს მსგავსი პრობლემა არ ექმნებათ.
საქართველოში ინდოეთიდან ტურისტების შემოსვლა პირდაპირმა ავიამიმოსვლამ დამატებით უნდა წაახალისოს. გასულ წელს ქვეყნის ავიაბაზარს ინდოეთის მსხვილი ავიაკომპანია Indigo შემოუერთდა, რომელიც 2024 წლის 6 აგვისტოდან, ავიაკომპანია ნიუ-დელი თბილისი თბილისი ნიუ-დელი -ს მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად, ყოველდღიურად შეასრულებს.
Feel Georgia-ს დამფუძნებლის ლუკა თურქაძის თქმით განსაკუთრებული პრობლემაა, რომ ინდოეთის მოქალაქეებისთვის ელექტრონული ვიზების გაცემაზე უარის თქმის ლოგიკური მიზეზი არ არსებობს. გასაჩივრების შემდეგ კი, განხილვის ვადა მთელი 30 დღეა.
"საქართველოსთვის ინდოეთის ბაზარი ძალიან პრიორიტეტულია, რაც განპირობებულია იმით, რომ ინდოეთიდან საქართველოში როგორც წესი ჩამოდიან გადახდის მაღალი უნარის მქონე ტურისტები. მიზეზი მარტივია, ადამიანები რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა იფრინონ ასეთ შორეულ ქვეყანაში, სადაც ფრენები მხოლოდ ერთი ქალაქიდან ნიუ-დელიდანაა და იქამდეც ცალკე ფრენა სჭირდებათ ცხადია, ფინანსურად მყარად არიან. ვინც ამ გზას გადის და აქ, ახალი გამოცდილების მისაღებად ჩამოდის, ძალიან ბევრი ქვეყანა აქვთ ნანახი და უმეტესობას აქვს აშშ-ს ვიზა. გარდა ამისა, ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, ნაწილს აქვს ბრიტანეთის ვიზა, ხოლო სამხრეთ ინდოეთში აქვთ პორტუგალიის ვიზები.
ჩვენ, ამ ხალხის ნაწილს ვეუბნებით უარს ვიზაზე და თან ისე, რომ კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. საერთოდ არ მესმის რა საჭიროა ელექტრონული ვიზის ეს სისტემა და სახელმწიფო რა ბენეფიტს იღებს,გარდა 20-დოლარიანი მოსაკრებელის. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკაა, რომ ოჯახიდან, ან სამსახურის კორპორაციული ტურებიდან ერთ ადამიანს რომ მოუვა უარი, დანარჩენებიც აუქმებენ ტურს. არის შემთხვევები, როცა ფრენის ბილეთები უკვე ნაყიდი აქვთ, ტური დაჯავშნილი და გაუმართლებლად დიდ ხარჯებზე გადიან. რაც შემდგომში ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას უცვლით და ბუნებრივია, არავის ურჩევენ აქ ჩამოსვლას.
პრობლემაა ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, უარის მიღების შემდეგ ეს ადამიანები მიდიან ჩვენს საელჩოში, სადაც ასევე მათი თქმით, ცუდ დამოკიდებულებას იღებენ. ერთ-ერთი საავადმყოფოს ქსელის მფლობელი იყო ჩემი კლიენტი, რომელიც აღშფოთებული იყო, რომ ასე პატივისცემის გარეშე არავინ მოჰქცევია არასოდეს. მთლიანად სისტემაა შესაცვლელი. ვინ, როგორ და რა ფორმით ამოწმებს. რატომ სჭირდება 5 დღე, როცა მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში პასუხს მყისიერად იღებენ იგივე სისტემით? ან, როგორ ხდება, რომ ხელოვნური ინტელექტის "წყალობით" მე, აპრილიდან დღემდე ათამდე ტური გამიუქმდა და არიან კომპანიები, რომლებიც 4 ავტობუსს უპრობლემოდ ავსებენ ინდოელი ტურისტებით? არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ეს ლეგიტიმური კითხვებია, რომლებიც პასუხს საჭიროებს. ისე, როგორც ეს სისტემა [ელექტრონული ვიზების] საჭიროებს გამოსწორებას", - განაცხადა ლუკა თურკაძემ BM.GE-სთან.
იგივე პრობლემის წინაშე დგას "ანტიკ თრეველის" დამფუძნებელი თაკო ოდიშარია. მისი თქმით, თუ ხელოვნური ინტელექტი წყვეტს ვინ ჩამოვა ინდოეთიდან, გაუგებარია, რატომ ხდება მაშინ ისე, რომ ქალაქში 200-კაციანი ჯგუფები დადის და მცირე კომპანიებს ტურების ნახევარზე მეტს აუარებენ.
"ეს პრობლემა აქვს ჩემს სააგენტოსაც. ერთი კვირის წინ 88 ადამიანი უნდა მიგვეღო და მხოლოდ 37-მა მიიღო ვიზა. ცხადია, ეს ძალიან დიდი დანაკლისი და ზარალია. ეს პრობლემა მუდმივია. ამას წინ, 30 ადამიანიდან ჯგუფის 23 წევრს უთხრეს უარი. დაუარების ძალიან დიდი რიცხვია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი სააგენტოს სტატისტიკა ასეთია. თან, ვსაუბრობ ჯგუფებზე, რომლებიც ერთ კომპანიაში მუშაობენ, თითქმის იდენტური სავიზო და საბანკო ისტორია აქვთ და ამ დროს 55 ადამიანს აუარებენ.
მუმბაიში მყავს პარტნიორები და ამის გამო, დიდ ჯგუფებს ხელს ვერ ვკიდებ, იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდ ზარალთანაა დაკავშირებული. ძალიან სასიამოვნოა, ახლა გავიგეთ, რომ კიდევ 5 პირდაპირი რეისი დაემატა, მაგრამ უცნაურია, როგორ ხდება, რომ თან ფენები იზრდება და თან ფრენების დაუარება? პასუხი სამთავრო უწყებების მხრიდან მუდმივად ერთია, რომ ხელოვნური ინტელექტი წყვეტს. გაუგებარია, რატომ ხდება მაშინ ისე, რომ ქალაქში 200-კაციანი ჯგუფები დადის? მათთვის არ არ არსებობს ხელოვნური ინტელექტი? ფაქტია, რომ ძალიან დიდ ბაზარს, რომელსაც მომსახურებით ვერასოდეს ვეყოფით ვკარგავთ და ამ პროცესში ჩრდილიანი სურათებია", - განაცხადა თაკო ოდიშარიამ.