რძის პროდუქტების მწარმოებელ ფრანგულ ჯგუფ „ლაქტალისის“ ქართული კომპანიის, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ შემოსავალი 2025 წელს წლიურად 9.5%-ით გაიზარდა და 248.1 მილიონი ლარი შეადგინა.
კომპანიის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი კარაქისა და ყველის რეალიზაციაზე მოდის. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, President-ის კარაქის გაყიდვებზე შემოსავალსა და თვითღირებულებას შორის სხვაობა 29.6%-ს შეადგენს. კომპანიის მთავარი ბრენდი ქართულ ბაზარზე კარაქის სეგმენტში President-ი და "სანტინო"-ა.
2025 წელს „ლაქტალის ჯორჯიამ“ კარაქის რეალიზაციიდან 82.3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 33.2%-ია. გაყიდვები წინა წელთან შედარებით, 22.1%-ით გაიზარდა. თუმცა კარაქის რეალიზაციის თვითღირებულებამ კიდევ უფრო სწრაფად, 40.5%-ით იმატა, რის შედეგადაც ამ კატეგორიის საერთო მოგების მარჟა 38.8%-დან 29.6%-მდე შემცირდა.
„ლაქტალის ჯორჯიას“ შემოსავლების მეორე უმსხვილესი წყარო ყველის რეალიზაციაა. 2025 წელს ამ კატეგორიიდან მიღებულმა შემოსავალმა 65.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლის 26.5%-ია. წლიურად გაყიდვები 6.7%-ით გაიზარდა, ხოლო საერთო მოგების მარჟამ 41.3% შეადგინა. ამ მიმართულებით კომპანიამ 27.2 მილიონი ლარის საერთო მოგება მიიღო, რაც მისი მთლიანი საერთო მოგების 43.2%-ია.
შემოსავლების მიხედვით მესამე ადგილზე ნაღებია, რომლის რეალიზაციიდან კომპანიამ 35.9 მილიონი ლარი მიიღო. წლიურად შემოსავალი 9.8%-ით გაიზარდა, თუმცა თვითღირებულების 19.1%-იანი მატების გამო ამ კატეგორიის საერთო მოგების მარჟა 20.9%-დან 14.2%-მდე შემცირდა.
„ლაქტალის ჯორჯიას“ შემოსავლები პროდუქციის კატეგორიების მიხედვით:
| პროდუქციის კატეგორია | შემოსავალი (მლნ ლარი) | კატეგორიის გაყიდვების წლიური ცვლილება | მარჟა - რეალიზაციის შემოსავალი შეფარდებული თვითღირებულებასთან |
|---|---|---|---|
| კარაქი |
82.33 მილიონი; |
+22.1% | 29.60% |
| ყველი | 65.74 მილიონი; | +6.7% | 41.30% |
| ნაღები | 35.94 მილიონი; | +9.8% | 14.20% |
| რძემჟავა პროდუქტები | 32.04 მილიონი; | -0.1% | 13.70% |
| რძე | 23.14 მილიონი; | +7.5% | -4.00% |
| სპრედი | 3.90 მილიონი; | +0.3% | 42.10% |
| ხორცპროდუქტები (გალბანი) | 2.92 მილიონი; | -46.7% | 32.60% |
| წვენები | 2.12 მილიონი; | +17.0% | 11.20% |
| ჯამი | 248.13 მილიონი. | +9.5% | 25.40% |
ყველაზე მაღალი საერთო მოგების მარჟა სპრედის კატეგორიაში დაფიქსირდა - მან 42.1% შეადგინა, თუმცა ამ პროდუქციის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 3.9 მილიონი ლარია. ყველის მარჟა - 41.3%-ს, ხორცპროდუქტებისა კი 32.6%-ს შეადგენდა.
ყველაზე მკვეთრი კლება ხორცპროდუქტების რეალიზაციაში დაფიქსირდა. ამ კატეგორიიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 46.7%-ით შემცირდა და 2.9 მილიონი ლარი შეადგინა. რძემჟავა პროდუქტების გაყიდვები კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ამასთან, რძის რეალიზაციის მარჟა უარყოფითი იყო და -4% შეადგინა.
მთლიანობაში, 2025 წელს „ლაქტალის ჯორჯიას“ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება 16.3%-ით გაიზარდა და 185.2 მილიონ ლარს მიაღწია. შედეგად, კომპანიის საერთო მოგება 6.5%-ით შემცირდა და 62.9 მილიონი ლარი შეადგინა. საერთო მოგების მარჟა წინა წლის 29.7%-დან 25.4%-მდე შემცირდა.
კომპანიის წმინდა მოგება 41%-ით შემცირდა
მიუხედავად შემოსავლების ზრდისა, „ლაქტალის ჯორჯიამ“ 2025 წელს 10.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 41%-ით ნაკლებია. საოპერაციო მოგება 2024 წლის 19 მილიონი ლარიდან 9.9 მილიონ ლარამდე შემცირდა.
შედეგად, კომპანიის წმინდა მოგების მარჟა 8.1%-დან 4.3%-მდე დაეცა. ეს ნიშნავს, რომ თუ 2024 წელს ყოველ 100 ლარ შემოსავალზე კომპანიას 8.1 ლარის წმინდა მოგება რჩებოდა, 2025 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 4.3 ლარი იყო.
კომპანიის მმართველობით ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის აპრილში რძის ინდუსტრიაში განვითარებულმა მედიაკრიზისმა ქართულ წარმოებაზე მოთხოვნა შეამცირა, იმპორტირებულ ბრენდებზე კი მოთხოვნა გაზარდა. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდა.
ამ პერიოდში გაიზარდა იმპორტირებული და სხვა პროდუქციის თვითღირებულებაც. 2025 წელს ამ კატეგორიის თვითღირებულებამ 90 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 28.5%-იანი ზრდაა. ადგილობრივი წარმოების პროდუქციის თვითღირებულება კი 6.7%-ით გაიზარდა და 95.2 მილიონ ლარს მიაღწია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარჯი სავაჭრო ქსელებისთვის დათმობილი რეტრობონუსებია. 2025 წელს მათი მოცულობა 75.4 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 19.3%-ით მეტია. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ეს თანხა შემოსავალს აკლდება, შესაბამისად, კომპანიის მიერ დეკლარირებული 248.1 მილიონი ლარი რეტრობონუსების გამოკლების შემდეგ მიღებული წმინდა შემოსავალია.
„ლაქტალის ჯორჯიას“ პორტფოლიოში შედის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდები, მათ შორის - „სანტე“, „სანტინო“, „სანტისიმო“, President, Parmalat, Galbani, Leerdammer, Santal და Nesquik. კომპანია საქართველოში რძის პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფია და პროდუქციის იმპორტთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე რძის გადამმუშავებელ კომპანია „სანტესაც“ ფლობს.
2025 წლის ბოლოს კომპანიის აქტივების ღირებულება - 95.65 მილიონ ლარს, საკუთარი კაპიტალი კი 49.07 მილიონ ლარს შეადგენდა. წლის განმავლობაში ძირითად საშუალებებში 4.88 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამასთან, კომპანიამ დივიდენდის სახით 3 მილიონი ლარი გასცა.
























