მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მიმართულებით უნდა გააგრძელოს საქართველომ რეფორმები - ინტერვიუ ჯიჰად აზურთან

ჯიჰად აზური

სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, რომ ეკონომიკური აქტივობის შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები უნდა გააგრძელოს, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების ნაწილში.

ვაშინგტონში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში BMG-სთან ჩაწერილ ინტერვიუში ჯიჰად აზური ამბობს, რომ 2026 წლისთვის საქართველოსთვის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 5.3% ზრდის ჯანსაღი დონეა.

ჯიჰად აზური ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით გაიზრდება. რა ფაქტორებზე დაყრდნობით ელოდებით ეკონომიკური აქტივობის შენელებას, საინტერესოა, გათვალისწინებულია თუ არა ამ პროგნოზში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და მისი შესაძლო გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე?

2026 წლისთვის საქართველოსთვის პროგნოზირებული მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის ჯანსაღი დონეა. ის მოსდევს სამწლიან ძალიან ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ახლო აღმოსავლეთის ომს შეზღუდული გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, შესაძლოა, რამდენიმე სექტორი დაზარალდეს, მათ შორის ტურიზმი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა აქ უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება ეს კონფლიქტი დროთა განმავლობაში. ამ დროისთვის, მიწოდების ჯაჭვების ან ენერგორესურსების ფასების მიმართულებით, ჩვენ ვხედავთ გადაცემის ძალიან შეზღუდულ არხებს ახლო აღმოსავლეთის ომსა და საქართველოს ეკონომიკას შორის

როგორც ვიცით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პოზიტიური ეკონომიკური ეფექტი მიიღო უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გამოწვეული მიგრაციის გამო. რამდენად მდგრადია ასეთი ეკონომიკური ზრდა და თუკი ეს ეფექტი შენელდება, მოსალოდნელია თუ არა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის მკვეთრი ვარდნა? ვგულისხმობ ისეთ მიმართულებებს როგორიცაა მიგრაციის გავლენა მაგალითად IT სექტორზე, ტურიზმზე და ა.შ.

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ შეძლო ტალანტების მოზიდვა, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ ინფრასტრუქტურით, ასევე სტუმართმოყვარე გარემოთი და ადამიანური რესურსების ხარისხით სარგებლობისთვის. ამან ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის ზრდას. ამ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კერძო სექტორმა და მისმა დინამიურობამ, რასაც ზურგს უმაგრებდა სამთავრობო ოპერაციების კარგი საფუძველი და ბიზნესის კეთების სიმარტივე. ყველა ამ ელემენტმა ხელი შეუწყო ინვესტიციების და ტალანტების მოზიდვას და წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. რა თქმა უნდა, ეს ციკლი თანდათან სტაბილურდება და მომავალში შესაძლებლობები გაჩნდება ახალი ბაზრების განვითარებით, ასევე ზოგიერთი რეფორმის დაჩქარებით, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების სექტორის რეფორმირებით.

თქვენ ახსენეთ სახელმწიფო საწარმოები. როგორც ვიცით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელთან დაკავშირებითაც ამჟამად სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობასთან მუშაობს, სწორედ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაა. როგორც თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ფონდი და მთავრობა უკვე შეთანხმდით რეფორმის ახალ ფაზაზე. რას მოიცავს რეფორმის ახალი ეტაპი, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოები ფინანსურად გაჯანსაღდნენ?

სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილებში სახელმწიფო საწარმოები ამჟამად იმ ეტაპზე არიან, სადაც ისინი ხელს არ უწყობენ ეკონომიკაში კერძო სექტორის როლის დაჩქარებას. მათი რეფორმირება, მათი გამჭვირვალობის გაზრდა, სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულების შემცირება არის ის ნაბიჯები, რამაც შეიძლება საშუალება მისცეს ეკონომიკას უფრო სწრაფად გაიზარდოს და დაეხმაროს საქართველოსნაირ ქვეყანას, რომელიც ჯანსაღი ტემპით იზრდებოდა, შეინარჩუნოს ზრდის ეს დონე.

საქართველოს მთავრობა ეკონომიკური განვითარების კორპორაციის შექმნას გეგმავს, რომელიც ყოფილ საპარტნიორო ფონდსა და სააგენტოს აწარმოე საქართველოში გააერთიანებს. განიხილეთ თუ არა ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობასთან და ხედავთ თუ არა რაიმე რისკს იმის გათვალისწინებით, რომ სავალუტო ფონდს წარსულში ჰქონდა გარკვეული დათქმები და შენიშვნები საპარტნიორო ფონდის მიმართ?

არის გარკვეული ქვეყნები, რომლებმაც ე.წ. „სუვერენული ფონდები“ შექმნეს. ეს დაიწყო იმ ქვეყნებით, რომლებსაც აქვთ შემოსავლები ნავთობიდან და გაზიდან, როგორც სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რათა მოახდინონ შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაცია. ვფიქრობ, საქართველოს მსგავსი ეკონომიკისთვის, რომელიც არის ჯანსაღი ფინანსური სისტემის მქონე ეკონომიკა, ძალიან კარგი და დინამიური კერძო სექტორით, მნიშვნელოვანია მეტი სივრცის დათმობა კერძო სექტორისთვის. მეორე მხრივ, მაღალი დონის გამჭვირვალობის შენარჩუნება, როდესაც საქმე ეხება კონკურენციას საჯარო სუბიექტებს ან საჯარო კაპიტალსა და კერძო კაპიტალს შორის. მესამე, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის დონის შენარჩუნება ამ კომპანიების ანგარიშებზე.

ხედავს თუ არა სავალუტო ფონდი ფისკალურ რისკებს ამ კორპორაციასთან მიმართებაში?

ეს დამოკიდებულია ამ ჰოლდინგური კომპანიის ოპერაციებზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა წინ წაიწევს ორი მიმართულებით — გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დონის გაძლიერება და ასევე კერძო სექტორის როლის გაძლიერება — ეს საშუალებას მისცემს საქართველოს გაზარდოს პროდუქტიულობა და მეტი სივრცე მისცეს კერძო სექტორს ზრდისთვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში უცხოურ ინვესტიციებზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებამ. უკვე ხედავთ თუ არა ამ ეფექტს და რა გავლენას მოახდენს ევროკავშირთან დაძაბულობა საქართველოს ეკონომიკაზე?

საქართველო ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც კვლავაც ცდილობს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. ევროპა მნიშვნელოვანი პარტნიორია და ბოლოდროინდელი მოვლენები შესაძლოა, არ იყოს ხელსაყრელი ევროპიდან ინვესტიციების დონის გაზრდისთვის. მაგრამ ისევ და ისევ, რა არის მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც სარგებლობდა ვაჭრობის განვითარებით, „შუა დერეფნით“, აზიას, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის კავშირებით? საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს და გაფართოვდეს ამ ტიპის პარტნიორობა. საქართველოს ეკონომიკა დაფუძნებულია ტალანტზე, ხალხის ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და მომსახურების კარგ დონეზე.

როგორ შეაფასებდით საქართველოს საბანკო სექტორს? ხედავთ თუ არა ამ ეტაპზე გაზრდილ რისკებს საქართველოს საფინანსო სექტორში?

ყოველთვის არსებობს ფინანსური სისტემის მდგრადობის გაუმჯობესებისა და გაძლიერების შესაძლებლობები. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით გარკვეული რაოდენობის ზომები გაატარა. მაგრამ განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც გაქვთ მთელი ეს ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, მნიშვნელოვანი და მთავარია ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ეს ახალი აქტივობები არ გადაიზარდოს დამატებით რისკებში და ხელი შეეწყოს კონკურენციას ფინანსურ სისტემაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები