სირიის საგარეო და თავდაცვის მინისტრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
როგორც სირიის სამთავრობო მედია იუწყება, მხარეებმა მოლაპარაკების დიდი ნაწილი დაუთმეს შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესში დახმარების გაწევას, რაც მოიცავს იარაღის მიყიდვაზე გარიგების დადებას და სირიელი სამხედროებისთვის რუსული გამოცდილების გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ ამჯერად მხარეებს არ უმსჯელიათ ქვეყნიდან გაქცეული და ამჟამად მოსკოვში მყოფი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის სირიაში დაბრუნების საკითხზე. საკითხზე, რომლის გადასაწყვეტადაც მოსკოვს რამდენიმე კვირის წინ თავად პრეზიდენტი აჰმედ ალ შარაა ესტუმრა.
სირიული მედიის ცნობით, მოლაპარაკებაში ჩართულმა მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. ასევე განიხილეს მრავალწლიანი სამოქალაქო ომის გამო დანგრეული ქალაქების აღდგენაში დახმარების შესაძლებლობა. მათ შორის, ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. აღსანიშნავია, რომ აჰმედ ალ-შარაას მთავრობამ რუსეთს სირიაში განთავსებული სამხედრო ბაზების ქონის უფლება დაუტოვა, რაც კრემლს რეგიონში პოზიციების შენარჩუნების საშუალებას აძლევს.
უცნობია, როგორი იქნება თურქეთის, საუდის არაბეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ხელისუფლებების რეაგირება სირიის მიერ რუსეთთან ურთიერთობების დაახლოების და შემდგომ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებების დაწყების დაანონსებაზე. როგორც ცნობილია, თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ ალ-შარაა და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ დედაქალაქ დამასკოს სიახლოვეს ახალი ამერიკული ბაზა განთავსდებოდა. პარალელურად, არაბულმა სახელმწიფოებმა სირიის რეკონსტრუქციისთვის კოლოსალური მოცულობის ინვესტირებების განხორციელება დააანონსეს. თურქეთმა და აზერბაიჯანმა კი ქვეყნისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდება დაიწყეს. რაც შეეხება ისრაელს, ნეთანიაჰუსა და ალ-შარაას დიპლომატებს შორის გოლანის მაღლობების საკითხზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.




























