მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა მოხდება თუ ირანთან ომი გაჭიანურდება? – ეკონომიკური პროგნოზები

ირანი

ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობის და კონფლიქტის მასშტაბების ესკალაციის ფონზე, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა – რა მოხდება თუ ომი მალევე არ დასრულდება და პლანეტაზე კიდევ ერთი, გრძელვადიანი კონფლიქტის კერა გაჩნდება?

ირანთან გაჭიანურებული სამხედრო კონფლიქტი და მისი თანამდევი ეკონომიკური შოკი გლობალური ფინანსური სტაბილურობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ამ პროცესის ეპიცენტრში ჰორმუზის სრუტეა, რომელიც გლობალური ენერგომომარაგების უმთავრეს არტერიას წარმოადგენს. სტატისტიკურად, ამ ვიწრო დერეფანზე გლობალური ნავთობმომარაგების დაახლოებით 20-30% გადის, რაც დღიურად საშუალოდ 21 მილიონ ბარელს შეადგენს. მისი სრული ან ნაწილობრივი ბლოკირება მომენტალურად გააჩენს მიწოდების კრიტიკულ დეფიციტს, რასაც ანალიტიკოსების პროგნოზით, ნავთობის მკვეთრი გაძვირება მოჰყვება, რომლის პირველადი ნიშნები უკვე იკვეთება, რადგან ის უკვე 9%-ით არის გაძვირებული. თუ დღეს Brent-ის მარკის ნავთობი 80 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ფორსმაჟორულ სიტუაციაში პროგნოზირებულია ფასის 150 დოლარამდე ზრდა, რაც მსოფლიო ეკონომიკისთვის ნამდვილი შოკური თერაპია იქნება.

ნავთობის ფასის ზრდა მხოლოდ ტრანსპორტირების გაძვირებას არ ნიშნავს, რადგან თანამედროვე ეკონომიკაში ნავთობი ინფლაციის მთავარი მდგენელია. საწვავის გაძვირება პირდაპირ აისახება ლოგისტიკისა და წარმოების ხარჯებზე, რაც სამომხმარებლო ფასების ინდექსის დააჩქარებს. მაღალი ინფლაცია კი რეალური ეკონომიკური ზრდის უპირველესი მტერია, რადგან ის აუფასურებს დანაზოგებს და ამცირებს მოხმარებას. ასეთ პირობებში მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები, მათ შორის აშშ-ის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკი, იძულებულები ხდებიან, მიმართონ აგრესიულ ზომებს და ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრონ. ცხადია, საპროცენტო განაკვეთების ზრდა კაპიტალს აძვირებს, რაც პირდაპირ დარტყმას აყენებს საფონდო ბირჟებს; კომპანიების შემოსავლების პროგნოზები მცირდება, ინვესტორები კი სარისკო პოზიციებს ყიდიან, რაც საფონდო ბირჟის ვარდნის პროცესს აჩქარებს.

კაპიტალის გაძვირების და კრედიტის ხელმისაწვდომობის შემცირების ფონზე, კომპანიები ინვესტიციებს და გაფართოების გეგმებს აჩერებენ, სამუშაო ადგილებს ამცირებენ და კრიზისული მართვის რეჟიმზე გადადიან, რაც, საბოლოო ჯამში, უმუშევრობის დონის ზრდას, შემოსავლების შემცირებას და ეკონომიკურ რეცესიას იწვევს. ასე და ამგვარად, ნავთობის გაძვირებას მარტივად შეუძლია გლობალური რეცესიის გამოწვევა, ამიტომაც უწოდებენ მას „შავ ოქროს“ და ამიტომაც არიან სახელმწიფოები მზად, მის გამო ომები წამოიწყონ.

ირანთან კონფლიქტის გაჭიანურება პარალიზებას უქადის საერთაშორისო გადაზიდვებსაც, რადგან სპარსეთის ყურე და წითელი ზღვის მიმდებარე ტერიტორიები მაღალი რისკის ზონებად იქცევა. გემების დაზღვევის პრემიები შესაძლოა 500%-ით გაიზარდოს, რაც პლანეტის მასშტაბით ლოგისტიკურ ჯაჭვს მკვეთრად აძვირებს.

ამავდროულად, ყოველდღიურად იფლანგება კოლოსალური სამხედრო რესურსები, რადგან ყოველი გასროლილი რაკეტა თუ დაკარგული ტექნიკა მილიონობით დოლარის ზარალია, რომელიც სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკლდება. ამასთან, ომის ზონაში მასშტაბურად ზიანდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა, უძრავი ქონება და ქარხანა-საწარმოები, რაც რეგიონის განვითარებას ათწლეულებით უკან ხევს.

აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ფრენების მასობრივი გადადება არა მხოლოდ ავიაკომპანიებს აზარალებს, არამედ წერტილს უსვამს ტურიზმს, რომელიც ბოლო წლებში ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად იქცა.

რაც ყველაზე უარესია, ახლო აღმოსავლეთის, როგორც უსაფრთხო და პერსპექტიული რეგიონის სტატუსი, რომელიც უცხოელი მიგრანტების და ინვესტორების მოსაზიდად ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა, სამუდამოდ ილახება. დუბაიში მცხოვრები ექსპატები, რომლებმაც საამიროებში ცხოვრება დაბალი გადასახადების გამო გადაწყვიტეს, ახლა უკვე კალკულაციაში ომის რისკებს ამატებენ, რაც საემიგრაციო ლოგიკას თავდაყირა აყენებს. იმ შემთხვევაში, თუ ომი დიდი ხანი გაგრძელდება, დუბაის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რომელსაც არანაირი სენტიმენტალური და ეროვნული კავშირები არ აქვს ამ ადგილთან, შესაძლოა, საამიროები მარტივად დატოვოს და ამ რისკს ქვეყნის ხელისუფლება ნამდვილად აცნობიერებს.

მიგრაციაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ თუ კონფლიქტი უკონტროლო და ზედმეტად დიდი რისკების შემცველი გახდება, მაშინ თავად ირანიდან მრავალმილიონიანი საემიგრაციო ტალღა დაიძვრება იმ ადამიანებისა, რომელთაც სამშობლოს დატოვება და უსაფრთხო თავშესაფრის პოვნა სურთ, ეს რისკი კი იმდენად დიდია, რომ ირანის მეზობელი ქვეყნები საზღვრების გამაგრებას იწყებენ.

რეგიონიდან მოსახლეობის, კაპიტალის და უცხოელი ინვესტორების ასეთი მასობრივი გადინება, საბოლოო ჯამში, სტაგნაციისა და გაურკვევლობის ხანგრძლივ ციკლს შექმნის, საიდანაც გამოსასვლელად ახლო აღმოსავლეთის და პლანეტის ეკონომიკას მრავალი წელი შეიძლება დასჭირდეს.

საერთო ჯამში, თუკი ყველა ძირითად რისკს დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ნავთობის გაძვირება და ირანთან ომის დიდი ხანით გაგრძელება არავის არ სურს, გარდა, ალბათ, რუსეთისა, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამერიკა და ისრაელი ყველაფერს იზამენ ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად დასასრულებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები