თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ საპარლამენტო სხდომას არ დანიშნავს, პარლამენტი თავისით შეიკრიბება, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე და ბიურო უზრუნველყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მან განმარტა, რომ როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში აუცილებლად უნდა შედგეს პირველი სხდომა. პრეზიდენტს კი ამ მიმართულებით ფორმალური კომპეტენცია აქვს და პარლამენტის პირველ სხდომას ვერ დაბლოკავს.
"ძალიან მარტივად, სამართლებრივად 10-დღიანი ვადაა განსაზღვრული პირველი სხდომის გამართვისთვის. მეათე დღეს თავისით შეიკრიბება პარლამენტი და გაიმართება პირველი სხდომა. ანუ აქ პრეზიდენტს არავითარი საბოტაჟის რესურსი არ აქვს, რომც დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია უხეში ფორმით. აქ პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური კომპეტენცია აქვს. რა თქმა უნდა, შეუძლია აქაც უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია, მაგრამ ვერ დაბლოკავს პარლამენტის პირველ სხდომას",- თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. შესაბამისად, ლეგიტიმურობისთვის 150-წევრიან პარლამენტში მინიმუმ 100 დეპუტატი უნდა იყოს.