ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის უფროსს ბექა ფერაძეს საპარლამენტო განხილვაზე დეპუტატმა ლადო კახაძემ “ჯორჯიან მანგანეზში” მიმდინარე პროცესის შესახებ დაუსვა კითხვა. ბექა ფერაძის განმარტებით, ამჟამად კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ის იმედოვნებს რომ მათ შორის კონსენსუსი იქნება გამონახული. ბექა ფერაძის თქმით, კომპანია მზადაა ხელფასები 5%-ით გაზარდოს, თუმცა თავად დასაქმებულთა მხრიდან ანაზღაურების გაცილებით მაღალი მატებაა მოთხოვნილი.
“14-დან 13 მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და ერთადერთი მოთხოვნა რჩება ხელფასების მატებაზე. კომპანია გამოთქვამს მზაობას მხოლოდ 5%-იანი მატებისა და დასაქმებულთა მხრიდან არის გაცილებით დიდი პროცენტულობა მოთხოვნილი. მოლაპარაკებები გრძელდება და იმედი მაქვს ეს საკითხი უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილი,”- განაცხადა ბექა ფერაძემ.
ჭიათურის მაღაროელები ხელფასის 20%-ით გაზრდას ითხოვენ. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელფასის 15%-იანი მატება $10 მლნ-ის წლიურ ხარჯს ნიშნავს, რაც შეჩერებული ექსპორტისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში შეუძლებელია. ამავე დროს კომპანია პირველ ეტაპზე დასაქმებულებს ხელფასის 5%-ით მატებას ჰპირდება, რაზეც პროტესტის მონაწილეები არ თანხმდებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს მაღაროელების პროტესტის მე-16, ხოლო შიმშილობის მე-10 დღეა. მაღაროელების თავდაპირველი მოთხოვნები იყო:
1. 40%-იანი ხელფასის მატება (არ ეხება მენეჯმენტს)
2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი)
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება)
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
5. მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება
6. მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება
7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა
8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება)
9. დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე.
10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე
13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარეების დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.
ცნობისთვის, 13 ივნისიდან “ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო. მედიაციის შედეგად მხარეებმა მოთხოვნათა უმრავლესობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, დღეისთვის მაღაროელების მთავარ მოთხოვნად ხელფასების 20%-ით მატება რჩება.